ოჯახის დაგეგმვის უფლება – ადამიანის უფლება
- საერთაშორისო დონეზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ყველა ინდივიდი და წყვილი სარგებლობს ძირითადი უფლებით, დამოუკიდებლად და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით გადაწყვიტოს, რამდენი შვილი სურს ჰყავდეს და დროის რა შუალედით სურს იყოლიოს შვილები. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება ასევე მოიცავს პირთა უფლებას, ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია და განათლება და კონსულტაციის შესაძლებლობა ოჯახის დაგეგმვისა და მისი განხორციელების საშუალებების შესახებ.
- „ჰერა XXI“-ს ეკისრება პასუხისმგებლობა, ადვოკატირებისა და დარწმუნების გზით, აქტიურად შეუწყოს ხელი არჩევანის თავისუფლების პატივსცემას სახელმწიფოს მხრიდან, და მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს პირების სათანადოდ ინფორმირებასა და განათლებაზე, რომლებმაც უნდა ისარგებლონ უფლებით, გაითვალისწინონ საკუთარი ასევე მათი მომავალი შვილების ცხოვრებისეული საჭიროებები, და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი თემისა და ფართო საზოგადოების წინაშე.
- „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს ოჯახის დაგეგმვის უფლებისა და პრაქტიკის ხელშეწყობას, საკუთარ პროგრამებში ამ უფლებისა და პრაქტიკისთვის მაღალი პრიორიტეტის მინიჭებით.
მომსახურების მიწოდება ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით
- „ჰერა XXI“-ი მხარს უჭერს მომსახურების მიწოდების პროგრამებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოების იმ სეგმენტებისკენ, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო პროგრამების მიღმა რჩებიან.
- „ჰერა XXI“-ის მიერ ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით მომსახურების მიწოდებისა და ადვოკატირების ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ნაყოფიერების რეგულირების ყველა უსაფრთხო და ეფექტური მეთოდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; „ჰერა XXI“-ი აქტიურად ახორციელებს კამპანიას რომელიმე ამ მეთოდის შეზღუდვის წინააღმდეგ და აგრძელებს პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მრავალმხრივი და ხელმისაწვდომი მომსახურებების მიწოდებას ემსახურება.
ინფორმირებული არჩევანი
- ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციაზე, შესაბამის განათლებასა და მომსახურებებზე წვდომის უფლებას თან უნდა ახლდეს კონტრაცეფციის მეთოდის, იქნება ეს დროებითი თუ მუდმივი, ტრადიციული თუ თანამედროვე, ნებაყოფლობითი და ინფორმირებული არჩევანის უფლება. კონტრაცეფციის კონკრეტული მეთოდის მიღების ან მასზე უარის თქმის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.
- როგორც ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე წვდომის უფლების, ასევე შვილის გაჩენის შესახებ ინფორმირებული და პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების განხორციელება მოითხოვს ოჯახის დაგეგმვის სარგებლის, მიზნებისა და პრაქტიკის სრულ გაცნობიერებას და ასევე ინდივიდუალური რეპროდუქციული ქცევის შედეგების გაცნობიერებას, ცხოვრების პირად, ოჯახურ და სოციალურ ასპექტებზე.
„ჰერა XXI”-ის პუბლიკაციები
- თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, „ჰერა XXI“-ი იღებს ვალდებულებას გამოაქვეყნოს სხვადასხვა დოკუმენტები და საინფორმაციო ბიულეტენები, ბროშურები და ა.შ., რომელთაგან თითოეული ემსახურება „ჰერა XXI“-ის პოლიტიკისა და მიზნების მხარდაჭერას.
ქალები და ოჯახის დაგეგმვა
- „ჰერა XXI“-ი ერთგული რჩება პრინციპისა, რომლის თანახმადაც ჭეშმარიტი გენდერული თანასწორობის მიღწევისკენ მიმავალი გზა გადის ქალთა გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე, რათა მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და მართონ საკუთარი ნაყოფიერება. სქესობრივი ცხოვრების ამ ძირითადი თავისუფლების მიღწევის გარეშე, ქალები სათანადოდ ვერ ისარგებლებენ სხვა სოციალური რეფორმებით.
კაცები და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა
- „ჰერა XXI“-ი მუშაობს კაცებთან და ბიჭებთან, როგორც კლიენტებთან, პარტნიორებთან და ცვლილებების შემოქმედებთან, ორგანიზაციის სტრატეგიული ჩარჩოს მიზნებისა და ამოცანების მიღწევის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ეხება ყველა სექსუალური ორიენტაციის კაცებს, მათ შორის მათ, ვისაც სქესობრივი კავშირი აქვთ სხვა კაცებთან (ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები) და მიუხედავად მათი აივ სტატუსისა.
კაცის როლი ჯანმრთელობის მიმართულებით გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ ძალაუფლებისა და გენდერული უთანასწორობის და ჯანმრთელობაზე მათი გავლენის მოსაგვარებლად, აუცილებელია კაცებთან მუშაობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მიზნით, საჭიროა კაცების აქტიური ჩართვა სტრატეგიებსა და პროგრამებში, რომლებიც ემსახურება გენდერული უთანასწორობის გამომწვევი პრაქტიკისა და სტრუქტურების დაძლევას; ასევე საჭიროა კაცების პოზიტიური და ძლიერი როლის ხაზგასმა ამ ძალისხმევაში. კაცების ამგვარი ჩართულობა მუდმივად უნდა აძლიერებდეს და არა აკნინებდეს ქალების ავტონომიას.
კაცების, როგორც პარტნიორების, როლი აივ და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების (სგგი) პრევენციის ძალისხმევაში
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ასრულებენ კაცები და ბიჭები, როგორც პარტნიორები, აივ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების (სგგი) პრევენციაში, და ცდილობს ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას ამ მიმართულებით.
კაცების, როგორც პარტნიორების, როლი უსაფრთხო აბორტის მომსახურების მიწოდებაში
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ კაცები და ბიჭები საკუთარ როლს ასრულებენ უსაფრთხო აბორტის მომსახურებაზე თავიანთი პარტნიორების წვდომის უზრუნველყოფაში, რაც ხელს უწყობს არაუსაფრთხო აბორტით გამოწვეულ დედათა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას. კაცებთან და ბიჭებთან ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად უნდა იყოს გამყარებული ქალის არჩევანის უფლების მხარდაჭერით.
კაცები, როგორც პარტნიორები, მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესების საქმეში
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ კაცებთან მუშაობა აუცილებელია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლებისა და ოჯახის დაგეგმვის მაღალი ხარისხის მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად და ამ მიმართულებით არსებული ბარიერების შესამცირებლად. აღნიშნული მოიცავს კაცების წახალისებას, რათა მათ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ ქალებისა და მოზარდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობაში.
კაცები, როგორც პარტნიორები, გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ძალისხმევაში
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში, პროგრამებში, მომსახურებებსა და კამპანიებში ცალსახად უნდა გამოიკვეთოს კაცის როლი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ძალისხმევაში. ამგვარი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს ქალების საჭიროებებსა და ხელს უწყობდეს მათ გაძლიერებას.
კაცების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებები და უფლებები
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ აუცილებელია როგორც თავად კაცებისა და ბიჭების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ასევე, კაცების წახალისება რათა მათ იზრუნონ სხვა პირების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვა
შესავალი
- „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია იმუშაოს ახალგაზრდებისთვის და მათთან ერთად, რათა უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა სქესობრივ ცხოვრებასა და სექსუალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში. „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სრულად არიან ინფორმირებულნი და ინფორმირებულ არჩევანს აკეთებენ თავიანთი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, იზრდებიან ჯანსაღ ინდივიდებად და აქვთ ჯანსაღი სრულფასოვანი ურთიერთობები. „ჰერა XXI“-ი მხარს უჭრს იმ ბარიერების აღმოფხვრას, რომლებიც აფერხებს ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლებაზე, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მომსახურებებზე წვდომას, იმ ინფორმაციასა და მომსახურებებზე, რომლებიც ახალგაზრდების ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას ემსახურება და მათ რეალობას ესადაგება.
სახელმძღვანელო პრინციპები
- „ჰერა XXI”-ი:
- მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ცოდნა, თავდაჯერებულობა და საკუთარი სხეულის დადებითი აღქმა, უკეთ არიან მომზადებულნი ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკებისთვის, მათ შორის ნებისმიერი სქესობრივი ურთიერთობისთვის. წინამდებარე პოლიტიკა ასევე აღიარებს ყველა ახალგაზრდის უფლებას ჰქონდეს სქესობრივი ცხოვრება და გამოხატოს თავისი სექსუალობა ისე, როგორც თავად ირჩევს;
- მიიჩნევს, რომ სექსუალობისადმი პოზიტიური მიდგომა აუცილებელია ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად;
- აღიარებს ორგანიზაციის როლს ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაში, რათა ისინი გახდნენ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატები და პროაქტიული წევრები თავიანთ თემებში.
უფლებებზე დაფუძნებული, გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია და ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება
- „ჰერა XXI“-ი მხარს უჭერს და უზრუნველყოფს როგორც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, ასევე ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლების ხელმისაწვდომობას, რომელიც აძლიერებს ახალგაზრდების დამოუკიდებლობას და თვითშეფასებას და ხელს უწყობს მათ აღჭურვას ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად საჭირო ცოდნით, უნარებითა და თავდაჯერებულობით.
- „ჰერა XXI”-ი მიიჩნევს, რომ:
- სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაცია და ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ასაკის ახალგაზრდისთვის, მათი ასაკობრივი საჭიროებების შესაბამისად.
- საჭიროა ახალგაზრდების უზრუნველყოფა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციითა და ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლებით, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს თავი იგრძნონ კომფორტულად და თავდაჯერებულად საკუთარი სხეულისა და სექსუალობის მიმართ, მიუხედავად იმისა, არიან ისინი სექსუალურად აქტიური თუ არა.
- ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლების სტრატეგიები, რომლებიც არის გენდერული თანასწორი და ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული, ახალგაზრდებს უნდა მიეწოდოთ, როგორც სკოლაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე ღარიბ და დაუცველ ახალგაზრდებს.
ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებზე წვდომა
- „ჰერა XXI“-ი მხარს უჭერს და ადვოკატირებას უწევს ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული მომსახურებების დანერგვას. ახალგაზრდობის საჭიროებებზე მორგებული მომსახურების კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს:
- ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი და ხელმისაწვდომი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებები გამორიცხავს სტიგმატიზაციას და უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას.
- სპეციალური მომზადების მქონე პერსონალი, რომლებიც ეპყრობიან ახალგაზრდა კლიენტებს პატივისცემით, ზრუნვითა და განსჯის გარეშე.
- განსაკუთრებული ყურადღება და მიდგომები, რომლებიც აკმაყოფილებს მოწყვლადი ახალგაზრდების სხვადასხვა საჭიროებებს, როგორიცაა მოზარდები და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი და ინტერსექსუალი ახალგაზრდები.
- სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურებების სრულ სპექტრზე წვდომა
- ყოვლისმომცველ უსაფრთხო აბორტის მომსახურებაზე წვდომა, მათ შორის მიუკერძოებელი კონსულტაცია, რომელიც არ გულისხმობს განსჯას და ითვალისწინებს კონკრეტულ გარემოებებსა და კულტურულ ფონს.
- აბორტის შემდგომი კონსულტაცია და აბორტის შემდგომი მეთვალყურეობა ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელიც ეფუძნება თანაგრძნობასა და მზრუნველობას. კონტრაცეფციის მეთოდებთან დაკავშირებული კონსულტაცია და მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდგომი არასასურველი ორსულობის რისკის შესამცირებლად.
ყოვლისმომცველი განათლება ადამიანის სექსუალობის შესახებ
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს, როგორც ფორმალური განათლების, ისე არაფორმალური განათლების გარემოში, ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლებაზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. „ჰერა XXI“-ი სთავაზობს ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მოდელს, რომელიც არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, გენდერულად მგრძნობიარე და ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ, ეკონომიკურ და უფლებრივ დინამიკას, რომელიც გავლენას ახდენს სექსუალობის შესახებ არჩევანზე, და თითოეული ახალგაზრდის განვითარების ემოციურ, გონებრივ, ფიზიკურ და სოციალურ ასპექტებზე.
- ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება ემსახურება ადამიანების აღჭურვას იმ ინფორმაციით და ცხოვრებისეული უნარებით, რომლებიც მათ სჭირდებათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებისთვის, არასასურველი ორსულობისგან, სგგი-ის, აივ-ისა და შიდსისგან და სექსუალური ძალადობისგან თავის დასაცავად.
- ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლების პროგრამები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და გამყარებული ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებით.
კონტრაცეფციასთან დაკავშირებული მომსახურება
- „ჰერა XXI“-ის პოლიტიკა გულისხმობს კონტრაცეფციის მხოლოდ იმ მეთოდების შეთავაზებას, რომლებიც დამტკიცებულია როგორც უსაფრთხო და ეფექტური და შეესაბამება ხარისხის ეროვნულ და/ან საერთაშორისო სტანდარტებს.
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კონტრაცეფციის მეთოდების რაც შეიძლება ფართო არჩევანი. კლიენტებს უნდა მიეწოდოთ მათ მიერ არჩეული კონტრაცეფციის მეთოდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შესაბამის კონსულტაციას და მიიღებენ ადეკვატურ ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემთ მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თავი დაიზღვიონ ნებისმიერი სამედიცინო უკუჩვენებებისგან, რომლებიც კონტრაცეფციის კონკრეტული მეთოდების გამოყენებას უკავშირდება.
- კონტრაცეფციის ახალი მეთოდის დანერგვას წინ უნდა უძღოდეს ჯანდაცვის მუშაკების მომზადება, ინფრასტრუქტურის ორგანიზება და, საჭიროების შემთხვევაში, სარეზერვო და რეფერალური საშუალებების მობილიზება.
- „ჰერა XXI“-ის პრიორიტეტს წარმოადგენს კონტრაცეფციის მიმართულებით მომსახურების მიწოდების სხვადასხვა მიდგომების (მაგ. კლინიკური და სათემო მომსახურება) შესწავლა და ადვოკატირება და ჯანდაცვის პერსონალის, მათ შორის სათემო ჯანდაცვის მუშაკებისა და ტრადიციული მედიცინის მუშაკების პოტენციალის ამაღლება, ყველა შესაძლო საშუალებით.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების ცნებები მოიცავს იმ ინდივიდებისა და წყვილების საჭიროებებზე ზრუნვას, რომლებსაც სურვილის მიუხედავად არ შეუძლიათ შვილის გაჩენა.
- „ჰერა XXI“-ის პრიორიტეტს წარმოადგენს უშვილობის პრევენციის მიზნით საზოგადოების ინფორმირება და უშვილობის პრევენციის პროგრამების ხელშეწყობა, მათ შორის: სგგდ-ის კონტროლი, სამეანო მომსახურების გაუმჯობესება და არაუსაფრთხო აბორტის პრევენცია.
აივ და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
- ამჟამად, აივ არის ჯანმრთელობის, სოციალური და ადამიანის უფლებების უმთავრესი პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის ინდივიდების, თემებისა და ერების არსებობას. აივ-ის მართვა წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ყოვლისმომცველი რეაგირების განუყოფელ ნაწილს.
- აივ ინფექციის გადაცემა ძირითადად სქესობრივი კავშირებით წარმოებს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ყურადღების მიღმა დარჩეს მისი კავშირი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებთან და აუცილებელია აივ-ის მართვის ჩართვა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირების გეგმებში.
- აივ-ის პრევენციის, მკურნალობის, ზრუნვისა და მხარდაჭერის პროგრამების წარმატება („პრევენციიდან ზრუნვამდე“) დიდწილად დამოკიდებულია ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, სადაც ინდივიდები შეძლებენ იცხოვრონ სტიგმისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში და ექნებათ უნარი და შესაძლებლობები, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე.
- „ჰერა XXI“-ი აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო, გაეროს ორგანიზაციებთან და სხვა ჯგუფებთან, როგორიცაა კერძო სექტორი, პროფესიონალური გაერთიანებები და სათემო ორგანიზაციები, აივ ინფექციაზე კოორდინირებული რეაგირების უზრუნველსაყოფად.
აივ ინფექცია და სამუშაო ადგილი
- „ჰერა XXI“-ის დასაქმების, გადამზადების ან დაწინაურების პრაქტიკა, შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით, დაუშვებელია დისკრიმინაციული იყოს პირის აივ სტატუსის ნიშნით.
- „ჰერა XXI“-ი იღებს საყოველთაო სიფრთხილის ზომებს და, ასევე, ასოციაციის საქმიანობაში მონაწილე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ყველა პირს სთავაზობს ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას, სამედიცინო ნემსის ჩხვლეტისა ან სამუშაო ადგილზე სხვა მსგავსი ტიპის დაზიანების მიღების შემდეგ.
- სამუშაო ადგილზე აივ სტატუსის გამჟღავნება ინდივიდუალური არჩევანია და უნდა იყოს ნებაყოფლობითი ნებისმიერ დროს.
ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება
- „ჰერა XXI“-ი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკას და უერთდება მთავრობას, მთავრობათაშორის და არასამთავრობო ორგანიზაციებს, აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრის ადვოკატირებაში.
აბორტი
შესავალი
- „ჰერა XXI“ აღიარებს, რომ არაუსაფრთხო აბორტი საზოგადოებრივ ჯანმრთელობას უზარმაზარ ტვირთად აწევს, და მოწოდებულია შეამციროს ამ სრულიად პრევენციას დაქვემდებარებული მიზეზით გამოწვეული დედათა ავადობისა და სიკვდილიანობის შემთხვევათა რაოდენობა.
- გარდა იმისა, რომ აღიარებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის უსაფრთხო აბორტის მომსახურების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ ქალებსა და წყვილებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენი შვილი სურთ ჰყავდეთ და დროის რა შუალედით სურთ იყოლიონ შვილები, მათ შორის მათ აქვთ უფლება ისარგებლონ კონტრაცეპტივებით და, არასასურველი ორსულობის შემთხვევაში, უსაფრთხო აბორტის მომსახურებით. „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ ორსულობასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა იძულებითი: დაუშვებელია ქალების იძულება ბოლომდე მიიყვანონ ორსულობა ან მიმართონ აბორტს.
- ახორციელებს რა ღონისძიებებს არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებით მომსახურების შეთავაზებითა და მიწოდებით, ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლების ხელშეწყობითა და სექსუალური ძალადობისა და იძულების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობით, „ჰერა XXI“ აცნობიერებს, რომ უსაფრთხო აბორტით მომსახურების საჭიროება ყოველთვის იქნება შენარჩუნებული.
- „ჰერა XXI“-ი აცნობიერებს, რომ აბორტის მომსახურებაზე სამართლებრივი შეზღუდვები არ ამცირებს აბორტების მაჩვენებელს; პირიქით, ამგვარი აკრძალვა ზრდის იმ ქალების რაოდენობას, რომლებიც მიმართავენ არაუსაფრთო აბორტს. გარდა ამისა, „ჰერა XXI“-ი ადვოკატირებას უწევს აბორტის მომსახურებასთან დაკავშირებული ეროვნული სამართლებრივი შეზღუდვების შესაბამისობის უზრუნველყოფას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებსა და შეთანხმებებთან.
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მოსახლეობას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებს სთავაზობენ, ვალდებული არიან შესთავაზონ ქალებს უსაფრთხო აბორტით მომსახურება და შესაბამისი ზედამხედველობა, განურჩევლად ასაკისა, საცხოვრებელი ადგილისა, რელიგიური მრწამსისა, თუ სოციალურ-ეკონომიკური, ოჯახური თუ აივ სტატუსისა.
- აბორტის შემდგომი ზედამხედველობა, მათ შორის არასრული აბორტის შემდგომი მკურნალობა, კონსულტაცია და აბორტის შემდგომი კონტრაცეფცია, წარმოადგენს მომსახურებას, რომელსაც უნდა სთავაზობდეს კლიენტებს ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც მოსახლეობას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებით უზრუნველყოფს.
- თუ სამედიცინო დაწესებულებას არ გააჩნია კლინიკური განყოფილება, იგი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამის აბორტისწინა კონსულტაციას და კლიენტების რეფერირებას კლინიკებში, სადაც მათ შეეძლებათ უსაფრთხო აბორტის მომსახურების მიღება, ასევე, უნდა სთავაზობდეს კლიენტებს აბორტის შემდგომ კონსულტაციას კონტრაცეფციის მეთოდებზე და შესაბამის მომსახურებას.
- „ჰერა XXI”-ი იღებს ვალდებულებას:
- ხელი შეუწყოს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენებას, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოს უსაფრთხო აბორტის მომსახურების ხელმისაწვდომობა და აბორტის შემდგომი დროული ზედამხედველობა.
- გააანალიზოს აბორტის სამართლებრივი სტატუსი ქვეყანაში, სადაც იგი მოღვაწეობს, და ხელი შეუწყოს აბორტის შესახებ კანონების ყველაზე ლიბერალურ ინტერპრეტაციას (მაგ. ჯანმო-ს სტანდარტის შესაბამისად), უსაფრთხო აბორტის მომსახურებზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველსაყოფად, აბორტის შესახებ მოქმედი კანონის ფარგლებში.
- „ჰერა XXI“-ი აცნობიერებს, რომ აბორტის ირგვლივ არსებული სტიგმა ხელს უშლის პრობლემის სააშკარაოზე გამოტანას და მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის ქალებსა და გოგონებს, უსაფრთხო აბორტის მომსახურებასა და აბორტის შემდგომი ზედამხედველობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. შესაბამისად, „ჰერა XXI“-ი იღებს ვალდებულებას, აქტიურად იმუშაოს აბორტის ირგვლივ არსებული სტიგმის დასაძლევად, რომლის წყაროც შესაძლებელია იყოს საზოგადოება, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები, სამედიცინო პერსონალი თუ მოხალისეები, საჯარო მოხელეები, რელიგიური ლიდერები, მედია და კანონმდებლები.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისი
შესავალი
- „ჰერა XXI“ ადასტურებს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და რომ მისი ზემოქმედება ძირს უთხრის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და ადამიანის უფლებებით სარგებლობას;
- „ჰერა XXI“-ი აღნიშნავს, რომ ღრმადფესვგადგმული, სისტემური დისკრიმინაციის გამო, ქალები და გოგონები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის მავნე ზემოქმედების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ვიდრე კაცები; ხოლო ისეთ ადგილებში, სადაც ქალები და გოგონები დისკრიმინაციის მრავალი და ურთიერთდაკავშირებული ფორმების სამიზნეს წარმოადგენენ, მაგალითად, მათი ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან მიგრანტის სტატუსის გამო, მათი მოწყვლადობა კიდევ უფრო მეტად იზრდება;
- „ჰერა XXI“-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ღონისძიებებში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის როგორც გრძელვადიანი ასევე მყისიერი ზემოქმედების მიმართ მდგრადობის გაძლიერება;
- „ჰერა XXI“-ი ვალდებულებას იღებს იზრუნოს საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებაზე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისგან მაგალითის აღებისა და სწავლის გზით.
- „ჰერა XXI“-ი, საჭიროებისამებრ, განიხილავს ამ საკითხებზე მუშაობას.
ხანდაზმულთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
შესავალი
- ხანდაზმული მოსახლეობა: ამ პოლიტიკის მიზნებისთვის, ტერმინი ხანდაზმული მოსახლეობა ან ხანდაზმული პირები გულისხმობს 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
სახელმძღვანელო პრინციპები
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ საჭიროა ხანდაზმული მოსახლეობისთვის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მომსახურების შეთავაზება, სიცოცხლის ციკლის მიდგომის გამოყენებითა და ხანდაზმული ადამიანების ცვალებადი საჭიროებების გათვალისწინებით.
- ხანდაზმული მოსახლეობის სექსუალური ჯანმრთელობის საჭიროებები და სექსუალური უფლებები უნდა იყოს აღიარებული ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე, როგორც სექსუალური ჯანმრთელობისა და სექსუალური უფლებების განუყოფელი კომპონენტი.
განხორციელება
- “ჰერა XXI”-ის მიერ მიღებულ ზომებსა და გატარებულ ღონისძიებებში გათვალისწინებული იქნება ხანდაზმული მოსახლეობა; მაგალითად, “ჰერა XXI”-ის მიერ გამოყენებული ენა და მის მიერ გატარებული პოლიტიკა ითვალისწინებს ასაკობრივ საჭიროებებს, ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმული მოსახლეობის სექსუალობის დადებით ასპექტებზე და მოწყვლად ჯგუფებს შორის მოიაზრებს ხანდაზმულ მოსახლეობას.
- იმ არსებულ პროგრამებში, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, “ჰერა XXI”-ი უზრუნველყოფს ხანდაზმული მოსახლეობისათვის მომსახურებების ჩართვას, ცხოვრების ციკლის მიდგომის გამოყენებით. პროგრამებში ხანდაზმული მოსახლეობისათვის განკუთვნილი მომსახურებების ჩართვისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ხანდაზმული მოსახლეობის განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენელთა განსხვავებული საჭიროებები, განსაკუთრებით კი იმ მოწყვლად ხანდაზმულთა კომპლექსური საჭიროებები, რომლებიც ინსტიტუციურ დაწესებულებებში ცხოვრობენ, არიან აივ-ინფიცირებულები, ლგბტი თემის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტთა ჯგუფების წარმომადგენლები.
- “ჰერა XXI”-ი უზრუნველყოფს მის მიერ ადვოკატირების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევაში ჩართოს ხანდაზმული პირების წინაშე მდგარი პრობლემები, რომლებიც მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს უკავშირდება.
იძულებითი შრომა და ადამიანებით ვაჭრობა
- იძულებითი შრომა და ადამიანებით ვაჭრობა არის დანაშაული, რომელიც იწვევს ღირსების და ადამიანის უფლებების უკიდურეს შელახვას და რომლის მსხვერპლნიც, უმთავრესად, არიან ქალები და ბავშვები.
- „ჰერა XXI“-ი მიუღებლად მიიჩნევს იძულებითი შრომისა და ადამიანებით ვაჭრობის პრაქტიკას და ნულოვან ტოლერანტობას უცხადებს სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობას.
გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2021წ.