ექიმისგან დამოუკიდებლად მედიკამენტური აბორტის აბების მიღება სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება
საქართველოში აბორტის თემა სტიგმატიზირებულია, მიუხედავად ამისა, ყოველთვიურად, საშუალოდ 2 ათასი ქალი მიმართავს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ამ მეთოდს. საქართველოს კანონმდებლობითაც აბორტი 12 კვირამდე ნებადართულია. აქედან გამომდინარე ჩვენი ექიმი რეპროდუქტოლოგი დღეს აბორტის უსაფრთხო მეთოდებზე გიამბობთ ვინაიდან არა უსაფრთხო გარემოში ჩატარებული პროცედურა ხშირად ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და შეიძლება შვილოსნობის უნარი საერთოდ დააკარგვინოს.
მედიკამენტური აბორტი
,,მედიკამენტური აბორტი არასასურველი ორსულობის სპეციალური ჰორმონული პრეპარატების გამოყენებით შეწყვეტაა. მისი გაკეთება ორსულობის მხოლოდ 7 კვირამდე შეიძლება.
მედიკამენტოზური აბორტის უპირატესობა ისაა, რომ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.
მედიკამენტური აბორტი აუცილებლად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. ექიმისგან დამოუკიდებლად მედიკამენტების მიღება სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება! ძალიან ბევრი ქალი სხვადასხვა მიზეზით თვითნებურად სვამს მედიკამენტებს ორსულობის შეწყვეტის მიზნით, რაც დაუშვებელია!
პრეპარატის მიცემამდე ექიმი განსაზღვრავს ორსულობის ვადას, ექოსკოპიურად მის ადგილმდებარეობას ადგენს უკუჩვენებებს. თუ ეს უკანასკნელი არ არსებობს, მაშინ ორსული იღებს აბს და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თუ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტს შეუძლია, სახლში წავიდეს.
აუცილებელია პერიოდული კონსულტაციები ექიმთან, რათა რაიმე სახის გართულება არ დარჩეს ყურადღების მიღმა. მესამე ვიზიტისას პაციენტი ხელახლა გადის ექოსკოპიურ გამოკვლევას რომ არ მოხდეს საშვილოსნოში ემბრიონის რაიმე ნაწილის ჩარჩენა.
მედიკამენტური აბორტიდან ორი კვირის განმავლობაში კატეგორიულად აკრძალულია:
ფიზიკური აქტივობა, გაცივება ან გადახურება, აბაზანის მიღება ან აუზში ცურვა.
ქალმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს პირადი ჰიგიენის დაცვას და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თავს ოდნავ შეუძლოდ იგრძნობს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს”.
თუმცა აქვე გეტყვით, რომ არსებობს ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის კონტროლის სხვა ბევრად უფრო მარტივი პროცედურები.
შეგახსენებთ ასოციაცია ”ჰერა XXI” -ის რეპროდუქციული კაბინეტი მუშაობს
სამშაბათს და ხუთშაბათს 12:00 სთ-დან -18:00 სთ-მდე.
მსურველებს ვთხოვთ წინასწარ ჩაწერისათვის დაგვიკავშირდნენ
ტელეფონის ნომერზე (+99532) 2 14 28 53 ან გაიარონ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე www.hera_youth.ge