- პოლიტიკის განაცხადი
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ს, როგორც ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის (IPPF) წევრსა და მისი ღირებულებების მხარდამჭერს, სჯერა სოციალური სამართლიანობის და აცნობიერებს, რომ დისკრიმინაციის დაუშვებლობის ჩარჩო საფუძვლად უდევს ადამიანის ყველა უფლების დაცვასა და ხელშეწყობას. დისკრიმინაციის დაუშვებლობის ჩარჩო კრძალავს რაიმე ნიშნისა თუ მახასიათებლის საფუძველზე პირის გამორჩევას, გარიყვას ან შეზღუდვას; ამგვარ მახასიათებლებს განეკუთვნება სქესი, ასაკი, გენდერი, გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, ოჯახური მდგომარეობა, სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება ან სქესობრივი ქცევა – ფაქტობრივი ან მიჩნეული, რასა, კანის ფერი, ეთნიკური წარმომავლობა, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებები, ეროვნული კუთვნილება, გეოგრაფიული ან სოციალური წარმომავლობა; ქონებრივი მდგომარეობა, დაბადების ადგილი, ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა; ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის აივ, და სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა სტატუსი; დისკრიმინაციულია მოპყრობა, რომელიც მიზნად ისახავს ან რომლის შედეგიც არის ადამიანისთვის, სხვებთან თანაბარ პირობებში, საყოველთაო უფლებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვა ან მათთვის ამ უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში.
- ასოციაცია აღიარებს ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის (IPPF) მიერ მიღებული დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ და სექსუალურ უფლებებთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს და მიიჩნევს, რომ სექსუალური უფლებები, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება და დისკრიმინაციისა და გენდერული უთანასწორობის მიზეზი, უნდა იყოს სექსის, ასაკის, გენდერის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, სქესობრივი ცხოვრების გამოცდილების ან სქესობრივი ქცევის, ფაქტობრივი ან მიჩნეული, სექსუალური პრაქტიკის ან სექსუალური ორიენტაციის გამო კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სოციალურ უფლებებზე არათანაბარი წვდომის აღმოფხვრის საფუძველი; ასევე სექსუალური უფლებების, როგორიცაა სექსუალური ჯანმრთელობის მომსახურებებზე, ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლებაზე და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კომპენსირებაზე წვდომის შეზღუდვის აღმოფხვრისა, რაც პირის სხვებთან თანაბარ პირობებში ადამიანის უფლებებით სარგებლობას უზღუდავს. თანასწორობა მოითხოვს ამ ბარიერების მოხსნას, რათა განსხვავებული მახასიათებლების მქონე პირებმა შეძლონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სხვებთან თანაბარ პირობებში სარგებლობა. აღნიშნული შესაძლებელია საჭიროებდეს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მარგინალიზებულ ჯგუფებზე და ჯგუფებზე, რომლებიც სრულყოფილად ვერ სარგებლობენ საჭირო მომსახურებებით.
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს ყველას თანაბარ წვდომას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებსა და სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვაზე, იმ პოპულაციაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით, რომლებსაც მსგავს მომსახურებებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალურ სამართლიანობას და ებრძვის დისკრიმინაციის ყველა ფორმას, განსაკუთრებით სქესის, ასაკის, სოციალური კლასის, შეზღუდული შესაძლებლობის, აივ-ის სტატუსის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, რასისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. მოზარდებთან მუშაობით, „ჰერა XXI“-ს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ცვლილებები შეიტანოს ბიჭებისა და გოგონების მიმართ განსხვავებულ სოციალურ დამოკიდებულებებში, ასევე ბიჭებსა და გოგოებს შორის გენდერულ ურთიერთობებში, მომავალი თაობების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ უზრუნველყოფა იმისა, რომ გოგონები სრული და თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ, მიიღწევა სოციალური ღირებულებებში, საჯარო პოლიტიკასა და პრაქტიკაში საჭირო ცვლილებების შეტანით. „ჰერა XXI“-ი მიზნად ისახავს დაეხმაროს როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და გახდნენ თავიანთი საზოგადოების აქტიური წევრები; „ჰერა XXI“-ი ასევე აღიარებს, რომ საჭიროა გოგონებისა და ბიჭების საჭიროებების ერთმანეთისგან განსხვავება და ამ საჭიროებების დააკმაყოფილებას ცდილობს მის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, რესურსების მიზნობრივი გამოყენებით, რაც ემსახურება საზოგადოებაში მოზარდთა პოზიციების გასაუმჯობესებას.
- დისკრიმინაციის დაუშვებლობა წარმოადგენს „ჰერა XXI“-ის წევრების ორგანიზაციაში მუშაობის წამყვან პრინციპს. „ჰერა XXI“-ის პრაქტიკის საფუძველს წარმოადგენს გაეროს უფლებათა კონვენცია და ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის (IPPF) დეკლარაცია სექსუალური უფლებების შესახებ, რაც მას საშუალებას აძლევს იმუშაოს, საზოგადოების ყველა დონეზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით.
- ორგანიზაციის ვალდებულება
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია უზრუნველყოს დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა ადამიანს მოეპყრობიან პატივისცემითა და ღირსეულად, ყველა ადამიანს ექნება საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და ისარგებლოს თანაბარი შესაძლებლობებით.
- საქართველოს კანონმდებლობით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იყოს დაცული შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან. ორგანიზაცია არ იჩენს შემწყნარებლობას, შენდობასა ან უგულებელყოფას შევიწროებისა და დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებაზე. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება შევიწროების ან დისკრიმინაციის ფაქტი, გამოყენებული იქნება დისციპლინური ზომები, მათ შორის დასაქმების შესახებ კონტრაქტის შეწყვეტა.
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია ყოვლისმომცველი სტრატეგიის გამოყენებით მართოს შევიწროებასა და დისკრიმინაციის ფაქტები, მათ შორის:
ა) ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ადამიანი ფლობდეს სათანადო ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
ბ) მოსახლეობის მარგინალიზებული ჯგუფების იდენტიფიცირებითა და სათანადო მომსახურებებზე მათი წვდომის ხელშეწყობით;
გ) შესაბამისი ორგანიზაციული სისტემების რეგულარული მონიტორინგით, ბარიერების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფის მიზნით;
დ) დისკრიმინაციის აკრძალვის ხელშეწყობით, ორგანიზაციის ყველა დონეზე სამუშაოების განხორციელებისას (მათ შორის: პროექტების და სხვა საქმიანობის განხორციელებისას, მომსახურებების მიწოდებისას და ა.შ.)
ე) ქცევის შესაბამისი სტანდარტების მუდმივი ხელშეწყობით.
- წინამდებარე პოლიტიკა განიხილება „ჰერა XXI“-ის ქცევის კოდექსთან, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის პოლიტიკასთან და საჩივრების წამოჭრის პოლიტიკთან ერთად.
გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2014 წ.