რა უნდა ვიცოდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ ?
ბავშვის დაბადება ყველასთვის განსაკუთრებულ გრძნობას, აღტაცებას სიხარულსა და ბედნიერებას უიკავშირდება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სახელით იცნობენ, ეს ბევრ ქალს გამოუცდია. ახალბედა დედები ამაზე საუბარს ხშირად ერიდებიან, ზოგჯერ ვერც ხვდებიან რასთან აქვთ საქმე, მაგრამ პრობლემის უგულვებელყოფამ შეიძლება უფრო გაამწვავოს მდგომარება.
რა ვიცით მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე? როდისაა ეს მდგომარეობა საშიში? როგორია პრევენციის მექანიზმები და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? ამ კითხვებით ფსიქოლოგს ქალბატონ იზა კობიაშვილს მივმართეთ.
ქალბატონო იზა რას მოიცავს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რა ნიშნები ახასიათებს?
ბავშვის ყოლა უდიდესი ცოხვრებისეული მოვლენაა და შეიძლება შეიძლება წუხილის დაღლილობისა და მოწყენილობის მიზეზი იყოს. ჩვეულებრივ ეს გრძნობები დიდხანს არ გრძელდება , მაგრამ თუ გაგრძელდა შეიძლება დეპრესიის დასაწყისი იყოს.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია გულისხმობს ქალში ბავშვის გაჩენის შემდეგ ფიზიკურ, ემოციურ და ქცევით ცვლილებებს. ეს მდგომარეობა კავშირშია ბავშვის ყოლასთან დაკავშირებულ ქიმიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ცვლილებებთან. ბავშვის გაჩენის შემდეგ წარმოქმნილი ქიმიური ცვლილებები იწვევს ჰორმონების სწრაფ ვარდნას. ცნობილია, რომ ქალის რეპროდუქციული ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი ათჯერ იზრდება ორსულობის დროს. ბავშვის დაბადების შემდეგ ისინი მკვეთრად ეცემა.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები ბავშვის გაჩენის შემდგომ განვითარებული მდგომარეობის მსგავსია. ესენია – ძილის გართულება, მადის ცვლილება, გადაჭარბებული გადაღლილობის განცდა, ლიბიდოს დაქვეითება, ხასიათის ხშირი ცვლილება. ამასთან ერთად უნდა არსებობდეს დეპრესიის სიმპტომები, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ დედისთვის ჩვეულებრივ არაა დამახასიათებელი – დეპრესიული განწყობა, სიამოვნების უნარის დაქვეითება, უვარგისობის განცდა, უიმედობა, უსუსურობა, გადაწვის მდგომარეობა, აშკარა მიზეზის გარეშე მუდმივი თვალცრემლიანობა. შვილთან კავშირის ნაკლებობის შეგრძნება. ეჭვები იმის შესახებ, თუ რამდენად შეგიძლიათ საკუთარ თავზე და ბავშვზე ზრუნვა. ვინმეს დაზიანების ან სუიციდური აზრები.
თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება 4 კვირის მანძილზე, მაშინ შეიძლება დაისვას მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი. ეს მდგომარეობა შეიძლება დაიწყოს ბავშვის გაჩენის შემდეგ რამდენიმე დღეში ან თვეში. შესაბამისი მკურნალობის გარეშე ის შეიძლება წლებიც გაგრძელდეს.
როგორია ქალების გამოცდილება?
დედების უმრავლესობა ვერ არჩევს უხასიათობასა და დეპრესიულ სიმპტომებს ერთმანეთისგან. ისინი ამ მდგომარეობას სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევენ და იშვიათად მიმართავენ დახმარებას.
არსებობს გარკვეული ფაქტორების რომლებიც ზრდის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს, ესენია:
- ორსულობამდე ან ორსულობისას დეპრესიული გამოცდილება
- ოჯახის წევრებში დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობია არსებობა
- ორსულობის ასაკი: რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი მით მეტია რისკი
- ორსულობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო შინაგანი დამოკიდებულების არსებობა
- შვილების რაოდენობა – რაც მეტია ბავშვი მით მეტია დეპრესიის განვითარების ალბათობა
- შეზღუდული სოციალური მხარდაჭერა, მარტო ცხოვრება, ცოლქმრული კონფლიქტი
- ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალებს, რომლებსაც გამოცდილებაში არ აქვთ დეპრესია, მაგრამ აქვთ გარკვეული შიშები ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკის ქვეშ არიან.
ბავშვის გაჩენის შემდეგ დედების უმეტესობა გამოცდის მდგომარეობას, რომელსაც ,,baby blues” უწოდებენ. ეს მდგომარეობა ქალების უმრავლესობაში ნორმად მიიჩნევა. ბავშვის დაბადებისთანავე ახალბედა დედას აქვს ხასიათის უცაბედი ცვლილებები, თვალცრემლიანობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, მღელვარება, მარტოსულობის განცდა. ახალბედა დედას ეს სიმპტომები შეიძლება დღეში რამდენიმე წუთი ან საათი აწუხებდეს. ეს სიმპტომები უნდა გაქრეს 2 კვირის მანძილზე. ჩვეულებრივ ამ მდგომარეობას არ სჭირდება მკურნალობა. ხშირად, ახალბედა დედებს მხარდაჭრის ჯგუფები ან სხვა დედებთან საუბრები ეხმარებათ.
რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები?
ბავშვის გაჩენის შემდეგ დეპრესია საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მშობიარობის შემდგომი დეპრესია 7-დან 1 ქალს ემართება ქალების ნახევრისთვის ეს დეპრესიის პირველი ეპიზოდია.
არსებობს თუ არა წინასწარ თავიდან აცილების მექანიზმები?
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პრევენციისთვის მინიშვნელოვანია ამ მდგომრეობის სიმპტომების ცოდნა, იმისთვის რომ შევძლოთ მათი დროულად ამოცნობა და რეაგირება. სასურველია დედამ მოიძიოს ინფორმაცია ბავშვის გაჩენის შემდეგ განსავითარებელ მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე უნდა დაისახოს რეალისტური მოლოდინები, რაც ბავშვის მოვლას, დროის და რესურსის გადანაწილებას უკავშირდება. მომავალმა დედამ უნდა გაიაზროს რომ ცვლილებები გარშემომყოფებთან ურთიერთობებშიც იქნება და მიხვდეს, რომ ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავება შესაძლებელია.
რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
როგორც აღვნიშნეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი ისმევა სიმპტომების 4-კვირის განმავლობაში არსებობის შემთხვევაში. თუ ქალი დროულად არ მიმართავს მკურნალობას, როდესაც ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს აღმოაჩენს, შეიძლება ეს სიმპტომები გაუარესდეს. იმის გამო რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული მდგომარეობაა, მას სჭირდება სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებით და/ან თერაპიით მკურნალობა.
მკურნალობის გარეშე მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება თვეები და წლები გაგრძელდეს, ამან კი შესაძლოა ქალის და მისი ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.
არსებობს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, რომელიც ემართებათ დედებს ბავშვის დაბადებიდან სამი თვის მანძილზე. ამ დროს ისინი რეალობის აღქმას კარგავენ, აქვთ სმენითი ან მხედველობითი ჰალუცინაციები, ბოდვები, გაღიზიანებადობა, ძილის სირთულეები, ხასიათის ცვალებადობა, ბრაზი, მოუსვენრობა, კომუნაკიციის უნარის გართულება. 1000-დან 1 ქალს უვითარდება უფრო სერიოზული მდგომარეობა, როგორიც არის მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.
როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა?
დიაგნოსტირებისას გასათვალისწინებელია ზემოთ აღნიშნული სიმპტომების ნაკრები, რომლებიც გრძელდება 4 კვირის მანძილზე. დიაგნოსტირება არამარტო დროის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, არამედ მდგომარეობის სიმძიმეზე.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობა ხდება სხვადასხვა გზით, იმის მიხედვით თუ რა სახის სიძლიერის სიმპტომებია გამოხატული. ამაზეა დამოკიდებული რომელი მედიკამენტი დაინიშნება – შფოთვის საწინააღმდეგო, ანტი დეპრესანტი თუ ორივე ერთად. ამასთან ერთად საჭიროა ფსიქო თერაპია და მხარდამჭერი ჯგუფების თერაპია, რომელსაც ფსიქოგანათლებისა და ემოციური მხარდაჭერის ფუნქცია აქვს.
დედამ უნდა მიმართოს დახმარებას როდესაც სიმპტომები გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში და ხელს უშლის ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში, როდესაც პიროვნებას უკვე უჭირს ყოველდღიურ სიტუაციებთან გამკლავება, აქვს თვითდაზიანების ან ბავშვის დაზიანების აზრები. მნიშვნელოვანია გარშემომყოფებმაც იცოდნენ, რომ მშობიარობის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ამ მდგომარეობამ, რომ ახალბედა დედებისთვის საჭიროების შემთხვევაში შეძლონ დროული მხარდაჭერის აღმოჩენა.
იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ქალები დროულად უნდა მიმართავდნენ მკურნალობას მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს.
საინფორმაციო ხასიათის სტატიები მომზადებულია ასოციაცია ჰერა-XXI მიერ