ის რაც უნდა ვიცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ 

ის რაც უნდა ვიცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ 

დღესდღეობით, არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად ქალები საკმაოდ აქტიურად მიმართავენ ჰორმონალურ კონტრაცეფციულ საშუალებებს. ქართულ ბაზარზე მათი საკმაოდ ფართო არჩევანია. თუმცა, ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რთულია სწორად შევარჩიოთ ჩვენს ორგანიზმსა და საჭიროებებზე მორგებული საშუალება. ჰორმონალურ კონტრაცეფციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მისი გამოყენება არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, რომ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბთმიანობა, წონის ცვლილებები, უშვილობაც კი … რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრებები სიმართლეს, რა მნიშნელობა აქვს კონტრაცეფციას და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის –  ამ და სხვა კითხვებს ჩვენი რესპონდენტი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია პარკაული პასუხობს.

ქ-ნო მაია, პირველ რიგში გკითხავთ, რა სახის კონტრაცეფციული საშუალებები არსებობს?

დავიწყებ იმით, რომ კონტრაცეფციული საშუალებების სწორად გამოყენება არის ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარანტია. საერთოდ, კონტრაცეფციის თვალსაზრისით ქალი საუკეთესოდ არის შესწავლილი. თანამედროვე პირობებში გვაქვს არჩევანი უამრავ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას შორის. ეს არის ჰორმონული და არაჰორმონული კონტრაცეფცია, ეს არის ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების. არსებობს არაჰორმონალური, საშვილოსნოს შიდა საშუალებები, მაგ. ყველასათვის ცნობილი „სპირალი“. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამგვარი საშვილოსნოს შიდა საშუალება შეიძლება შეიცავდეს ჰორმონსაც. ასეთია მაგალითად მირენა. ის გამოყოფს პროგესტერონს ორგანიმში. შესაბამისად, თან კონტრაცეფციული საშუალებაა და თან სამკურნალო. ჰორმონალურ, მექანიკურ საშვილოსნოს შიდა საშუალებებს ვიყენებთ მაშინ, როდესაც ქალს აქვს ჭარბი ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია, აციკლური გამონადენი საშვილოსნოდან და ა.შ.

ანუ, გარდა მისი პირდაპირი დანიშნულებისა – დაიცვას ქალი არასასურველი ორსულობისგან – ჰორმონული კონტრაცეფცია გამოიყენება სამკურნალოდაც?

რა თქმა უნდა. სასქესო ჰორმონები არის სტრესული ჰორმონები. ჩვენს დღევანდელ სტრესულ ცხოვრებაში იცვლება მათი გამოყოფის რიტმი, ციკლურობა, ამპლიტუდები და რაოდენობები. ამიტომ, ადამიანები რომლებიც ჰორმონულ კონტრაცეფციას იღებენ, დაცულები არიან ასეთ სტრესულ სიტუაციებში სასქესო ჰორმონების არათანაბარი გამოყოფისაგან. ისინი იღებენ ზუსტად იმ ჰორმონულ მაჩვენებლებს, რაც სტატისტიკურად ქალების უმრავლესობისთვის არის ნორმა. მოკლედ რომ ვთქვათ, ორგანიზმში მზა ჰორმონების შეტანით გამოვრიცხავთ სასქესო ჰორმონების ართანაბარ და/ან არასრულფასოვანი გამოყოფას.

ქალის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის ძალიან ბევრი სიმსივნე არის ჰორმონდამოკიდებული. შესაბამისად, გარედან შესული გაწონასწორებული ჰორნომების ბალანსი იცავს ქალს სიმსივნური დაავადებებისაგანაც.

გარდა ამისა, ჰორმონული კონტრაცეფცია გვიცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან. რადგან ორგანიზმში ჰორმონების ბალანსი არ არის დარღვეული, ინფექციებისათვის შეუღწევადი ხდება საშვილოსნოს ყელი. იქ წარმოიქმნება გუგის ფენომენი, ანუ ლორწოვანი საცობი, რომელიც, ასე ვთქვათ, აფერხებს ინცექციების შეღწევას.

ასევე, როდესაც ჰორმონული ბალანსი კარგად არის დაცული, იმუნიტეტიც არის საკმაოდ მაღალი. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ ჰორმონული კონტრაცეფცია ქალის ჯანმრთელობის სადარაჯოზეც დგას!

მითია თუ რეალობა, რომ ჰორმონალურმა კონტრაცეფციამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება, ჭარბთმიანობა, აკნე ?

ეს ყველაფერი არის ცალსახად მითები. ჰორმონული კონტრაცეფცია წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ახლაც ვითარდება. ძველი კონტრაცეფტივები შეიცავდა ჰორმონების გაცილებით დიდ დოზებს. მათ შეიძლება ახლდა ეს გვერდითი ეფექტები. თანამედროვე კონტრაცეფცული საშუალებები არის ძალიან მრავალფეროვანი და დახვეწილი თავისი შემადგენლობით. იგი ასევე არის სამკურნალო პრეპარატიც. მას ვიყენებთ იმ ადამიანებთანაც, რომლებსაც არ სჭირდებათ კონტრაცეფცია, მაგრამ აქვთ ჭარბი წონა, თმიანობა და ა.შ.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჰორმონულმა კონტრაცეფციამ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა 

ჩვენი დარგი, რეპროდუქტოლოგია, მხოლოდ იმას არ ნიშნავს რომ ადამიანს ვასწავლო როგორ დაორსულდეს. ექიმი-რეპროდუქტოლოგი კიდევ იმას ასწავლის ქალს როგორ არ დაორსულდეს. ამიტომ მე ერთი და იმავე პრეპარატებს ვიყენებ როგორც დაორსულებისათვის, ისე ორსულობისგან თავის დასაცავად. ანუ, ჰორმონულ კონტრაცეპრივებს მე ვიყენებ იმ ქალებთან, რომლებსაც უშვილობას ვმკურნალოდ. ორი-სამი ციკლის განმავლობაში ისინი იღებენ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, რა დროსაც საშვილოსნო და საკვერცხე ისვენებს. ამავე პერიოდში ბალანსდება თუ რამე ჰორმონალურ გადახრასთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ საკვერცხე უკვე გაძლიერებულ მუშაობას იწყებს და დიდია ალბათობა, რომ ქალი უფრო მარტივად დაორსულდეს.

ამიტომაც ვამბობ ხშრად, კონტრაცეფციული საშულებები არის უდიდესი გამოგონება მედიცინაში.

საკმაოდ ხშირად, ქალები ჰორმონულ კონტრაცეფციას იღებენ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მეგობრების ან ნაცნობების რჩევის მიხედვით. რა საფრთხეებთანაა ეს დაკავშირებული?

კონტრაცეფციის მიღემადე აუცილებელია ჩატარდეს კვალიფიციური კონსულტირება ქეიმ-რეპროდუქტოლოგთან ერთად. ექიმი-რეპროდუქტოლოგი და პაციენტი ერთად არჩევენ მისთვის [პაციენტისთვის] კონკრეტულ შემთხვევაში და სიტუაციაში რომელი კონტრაცეფცია არის მისაღები – ჰორმონული თუ არაჰორმონული და კონკრეტულად რომელი. გამოყენების პროცესში ექიმი და პაციენტი ერთად აკვირდებიან ამ შერჩეულმა მეთოდმა გაამართლა თუ არა, უნდა შეცვალონ თუ ასე გააგრძელონ.

შეიძლება ადამიანი თვითნებურად იღებდეს კონტრაცეფციას, რომელსაც აქვს მაგალითად, მაღალი კლასის ანტიანდროგენული მოქმედება. თუ ამ ადამიანს არ აქვს ჭარბად გამოხატული თმიანობა და რატომ უნდა მიიღოს ასე ძვირი კონტრაცეფცია როცა შეიძლება უფრო იაფიანიც დაეხმაორს იმაში, რაც მას მართლა სჭირდება?!

ექიმმა ერთი სახეობის კონტრაცეფცია შეიძლება დანიშნოს ერთი ქალისთვის და მეორესთვის ის იყოს აბსოლუტურად მიუღებელი. შეიძლება გაამართლოს, გამორიცხული არაა. მაგრამ, თუ ადამიანი ექიმის გარეშე იღებს ამ კონტრაცეპტივს, ყოველგვარი ექსესებისთვის მზად უნდა იყოს და პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

რა ექსესებზეა საუბარი? რა პრობლემები შეიძლება შექმნას კონტრაფეფციის თვითნებურად მიღებამ?

ყველაზე მნიშვნელოვანი – თვითნებურად მიღებულმა კონტრაცეფციამ შესაძლოა ვერ შეასრულოს თავისი დანიშნულება და გაიპაროს ორსულობა. ასევე, დაეწყოს აციკლური სისხლიანი გამონადენი და დაირღვეს ციკლი. გარდა ამისა, შეინიშნება გვერდითი ეფექტები – თავის ტკივილი, მადის მომატება. მარტივად რომ ვთქვათ ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოგდება. თუმცა, გამოუსწორებელი ზიანი თანამედროვე კონტრაცეფციული საშუალებებით ჯანმრთელობას არანაირად არ მიადგება.

რის საფუძელზე ურჩევს ექიმი ქალს კონტრაცეფციას? რისი გათვალისწინებაა საჭირო სწორი არჩევანის გასაკეთებლად?

უნდა გამოიკითხოს პაციენტი და დადგინდეს ანამნეზი როგორი აქვს, გენეტიკური დაავადებები თუ აქვს. გასათვალისწინებელია მისი სექსუალური აქტიურობა, ინფორმაცია მშბოარობისა და აბორტის შესახებ, სხეულის მასის ინდექსი, აღნაგობა, ასაკი …. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა კონტრაცეფციის შერჩევისას. ამიტომ, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.

 

სტატიის ავტორი: თამთა კახაბერიძე

საინფორმაციო ხასიათის სტატიები მომზადებულია ასოციაცია ჰერა-XXI მიერ