ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სრულფასოვანი სქესობრივი განათლების შესახებ

2017 წლის 15-16 მაისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სრულფასოვანი სქესობრივი განათლების შესახებ

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო სქესობრივი განათლების, როგორც ჯანდაცვის სფეროს ერთ–ერთი განუყოფელი ნაწილის, მნიშვნელობის წარმოჩენა, მის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა, რაც ბავშვებისა და ახალგარზდების ჯანსაღი განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპულ რეგიონში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, სქესობრივი განათლების სწავლების დონე, დანერგვისა და გაუმჯობესების მხრივ არსებული ტენდენციები და გამოწვევები და ის სამომავლო ნაბიჯები, რაც არსებული რეალობის შესაცვლელადაა საჭირო. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უახლესი სამეცნიერო და ტექნიკური კვლევები და თავიანთი ქვეყანის კონტექსტი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 150 ექსპერტი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში; ჯანდაცვის, ახალგაზრდული საკითხებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ევროპის ქვეყნებიდან; საერთაშორისო ორგნიზაციები (მაგ. GIZ, UNESCO, UNFPA, WHO და სხვ.). საქართველოდან კონფერენციას ესწრებოდა ასოციაცია „ჰერა XXI“-ს დირექტორი ნინო წულეისკირი.