სამუშაო შეხვედრა ქუთაისში

1 ნოემბერს ქუთაისის ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ასოციაცია ”ჰერა XXI-მ” ჩაატარა სამუშაო შეხვედრა მოხალისეებთან.

შეხვედრას დაესწრნენ ”ჰერა XXI-ს” ქუთაისის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტები, რომლებმაც ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობისა და მოხალისეობის სურვილი გამოთქვეს.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, ქუთაისის მოხალისეებისთვის გაგვეცნო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (სრჯუ) კუთხით საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ზოგადი სურათი; ის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ახალგაზრდები და რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ სრულყოფილად ისარგებლონ საკუთარი უფლებებითა და ჯანდაცვის მომსახურებით.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აგრეთვე, ახალგაზრდებისგან მოგვესმინა ის საჭიროებები, რაც მათ თანატოლებს სრჯუ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ და ხედვები იმის შესახებ, თუ რა გზებით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

სესიაზე ასევე ყურადღება დაეთმო მითებსა და რეალობას სექსის შესახებ, საუბარი იყო მოხალისეობის ინსტიტუტზეც, როგორც ”ჰერა XXI-ში”, ასევე ზოგადად.

სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა შეაჯამეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები, რაზე დაყრდნობითაც შემუშავდება ”რეზოლუციის” ტიპის ტოკუმენტი.

შეხვედრის დასასრულს, თითოეულმა მონაწილემ მოამზადა ერთგვარი გზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, სადაც საზოგადოებას მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობისკენ მოუწოდეს.

ღონისძიებას აშუქებდა ტელეარხი ”რიონი” და ადგილობრივი რადიოსადგური.