როდის შეგვიძლია განვაახლოთ სექსუალური ცხოვრება მშობიარობის შემდგომ?!
სექსი მშობიარობის შემდგომ
„სექსი, გარდა იმისა რომ მას მოსდევს გამრავლების პროცესი, არის ძალიან სერიოზული რამ, რაზეც დამოკიდებულია ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, გუნება-განწყობა, ცხოვრების ხარიხსი. ანუ, ეს არის სფერო, რომელიც უნდა იყოს მოგვარებული რომ ვიცხოვროთ ბედნიერად“ – გვიხსნის მაკა გეგეჭკორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპორდუქციული კლინიკის სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. მას კითხვები ორსულობის შემდგომ პერიოდში ქალის სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით დავუსვით.
ქ-ნო მაკა, პირველ რიგში გკითავთ, ორსულობის შემდეგ რამდენ ხანშია შესაძლებელი სექსუალური ცხოვრების განახლება?
სანამ სამედიცინო შეფასებაზე გადავალ, მოგიყვებით ამბავს, რომელიც გაგებული მაქვს ერთ-ერთი კოლეგისგან. ნამდვილი ბოშები, რომლებიც ბოშათა ბანაკში ცხოვრობენ, ერთ ადგილას არ ჩერდებიან – სულ დადიან, სულ მიგრირებენ. ძველად ჰქონიათ ასეთი ადათი: როცა იმშობიარებდა ქალი, მაშინვე უნდა ჰქონონდა სექსი. იცით რატომ? სექსის დროს კარგად იკუმშება საშვილოსნო და სისხლდენის ალბათობა ნაკლებია. ახლა ვიღაც შემეწინააღმდეგება, ინფექციის ალბათობა ხომ დიდიაო? დიახ, ინფექციის ალბათობა დიდია. თუმცა, ბოშები, სხვათაშორის, ძალიან მონოგამიურები არიან. პარტნიორული ერთგულების პირობებში ინფექციის რისკიც ნაკლებია. მე ვერ გეტყვით რომ ეს ბოშური ტრადიცია თანამედროვე პირობებში მისაღებია, მაგრამ, თუ კითხვას დავსვამთ ასე – შეიძლება თუ არა სექსი მშობიარობის შემდეგ მაშინვე, მე გიპასუხებთ, რომ დიახ, შეიძლება. საჭიროა კი? ეს უკვე შემდეგი კითხვაა.
საჭიროა კი? რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი?
ორსულობის შემდეგ, საშვილოსნოს ყელის გაფართოების გამო, რომელიც ჯერ არ არის პირვანდელ ფორმაში, დიდია ინფექციის ალბათობა. შესაძლებელია საშვილოსნოს შიდა შრის, ენდომეტრიუმის, ანთებითი პროცესი ენდომეტრიტი, რომელიც შეიძლება ინფექციით, სეფსისით ან სისხლდენით გართულდეს. ამიტომ, სანამ საშვილოსნო პირვანდელ მდგომარეობას არ მიიღებს, სექსი სასურველი არ არის.
როდის მიიღებს საშვილოსნო პირვანდელ ფორმას? როგორც ექიმი-რეპროდუქტოლოგი რა რეკომენდაციას მისცემდით ქალებს – როდის არის სასურველი სექსუალური ცხოვრების განახლება ორსულობის შემდეგ?
საშვილოსნოს პირველადი შეკუმშვა ხდება მშობიარობიდან პირველ 48 საათში. ამ პერიოდის შემდეგ, სისხლდენის ფონზეც კი, სექსი შეიძლება დასაშვები იყოს. თუმცა, მე გეტყვით ზოგად ტენდენციას – ქალების უმრავლესობა მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ უბრუნდება სექსუალურ ცხოვრებას. ეს ერთგვარ სტანდარტადაც ჩამოყალიბდა. თუმცა, ხაზს ვუსვამ, თუ ადამიანები გადაწყვეტენ, მანამდეც შეიძლება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ უშლის იგივე გამონადენი, თუ საშვილოსნო შეიკუმშა და თუ არა აქვს ტკივილი და დისკომფორტი.
სამედიცინო ჩვენების გარდა აქ სხვა ფაქტორებიცაა. როცა ქალი ახალი ნამშობიარებია, დასუსტებულია, სისხლიანი გამონადენი აქვს, შესაძლოა ჰიგიენურ კონტექსტში არ თვლიდეს თავს მზად ამ პროცესისთვის.
არის თუ არა ორსულობის შემდეგ პირველი სქესობრივი კონტაქტი მტკივნეული? გააჩნია თუ არა იმას, ორსულობა მშობიარობით დასრულდა თუ საკეისრო კვეთით?
ზოგადად, ამ თემასთან მიმართებაში, დიდი განსხვავება არაა მშობიარობასა და საკეისრო კვეთას შორის. თუმცა, პირველი სქესობრივი კონტაქტი მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი უფრო მტკივნეულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოხდა გარეთა სასქესო ორგანოების ტრამვირება მშობიარობის პროცესში. ასეთ დროს სქესობრივი კონტაქტი კი არა, ხანდახან დეფეკაციაც კი რთულია, რადგან საშარდე სისტემას ექმნება პრობლემები. ასე რომ, ეს ძალიან დელიკატური ამბავია და ამასაც ცოდნა უნდა.
თუ არსებობს გარკვეული მტკივნეულობა და დისკომფორტი პირველი კონტაქტის, პირველი პენეტრაციის დროს, შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური ადგილობრივი საშუალებები, რომლებიც საშოს, საშოს გარეთა რგოლს, გარეთა სასქესო ორგანოებს მატებს ელასტიურობას, პლასტიურობას. არის სპეციალური გენელები და ადგილობრივი სანთლები, ლუბრიკანტები, რომლებიც ამ პრობლემას გარკვეულწილად აგვარებს.
გარდა წმინდა სამედიცინო ჩვენებებისა, გასათვალისწინებელია თუ არა ფსიქოლოგიური ფაქტორი, როცა ორსულობის შემდეგ, ქალს არ სურს აქტიური სქესობრივი ცხოვრების განახლება?
ფსიქოლოგიურ ფაქტორებს შორის, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ქალის ინსტიქტი, რომლის ძირითადი ნაწილი მოცულია ახალშობილით. ასეთ დროს შესაძლოა კაცმა თავი გარიყულად იგრძნოს. თუ ქალი, რომელიც რაიმე დისკომფორტის გამო ხანგრძლივი დროით ამბობს უარს სექსზე, უნდა გაითვალისწინოს რომ ეს მის პარტნიორს არანაირად არ მოეწონება. ამას ემატება მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც, რომელიც არც თუ იშვიათია ქალებში. როცა ქალი ფიქრობს რომ ისე აღარ გამოიყურება როგორც ადრე, აღარ არის ისეთი სასუველი, აღარ არის ისეთი სუფთა, არის რეზერვუარი ბავშვის კვებისთვის – ეს არის ქვეცნობიერი ინსტიქტები, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს ქალს მშობიარობის შემდეგ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალურ ცვლილებები. შედეგი კი, ისე და ისევ, უარის თქმა სექსუალური ცხოვრების განახლებაზე. ამ ფაქტორების ცოდნა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია პარტნიორებს შორის ურთიერთგანებისთვის.
თუ ვამბობთ რომ სამედიცინო თვალსაზრისით ორსულობის შემდეგ სექსი მალევე დასაშვებია, ე.ი. საჭიროა თავდაცვაც?!
რა თქმა უნდა. ზოგ ქალს ჰგონია რომ სანამ გარკვეული პერიოდი არ გაივლის, დაორსულება შესაძლებელი არ არის. დაორსულება შესაძლებლი ყოველთვის არის, ამიტომ, თავდაცვა ყოველთვის გასათვალსწინებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მენსტრუაცია არაა აღდგენილი. თუ, რა თქმა უნდა, ეს არ უკავშირდება ძუძუთი კვების დროს ლაქტაციური ამენორეის მეთოდს, როგორც კონტრაცეფციულ საშუალებას. ამასაც თავისი წესები და კრიტერიუმები აქვს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ თემას უკავშირდება, არის სექსისგან მიღებული სიამოვნება მშობიარობის შემდეგ?
მშობიარობის დროს მაქსიმალურად ფართოვდება საშოს კედლები – უნდა გამოვიდეს ნაყოფის თავი, საკმაოდ დიდი სტრუქტურა. სამშობიარო გზებს ეს ძალუძს. თუმცა, ის ისევ მოდის ფორმაში. ზოგჯერ პაციენტის პარტნიორი ჩივის, რომ ისე კარგად ვერ არის ყველაფერი, როგორც მანამდე იყო. ამას შეიძლება ვუწოდოთ სასქესო ორგანოების დისონანსი სექსის დროს. ასეთი ჩივილი და „პრეტენზია“ პარტნიორის მიმართ ნამდვილად შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ, ვინაიდან ამის გარკვეული წილი სიმართლეა და გარკვეული წილი მითი, ყველაფერი ამას ვერ დაბრალდება. აქ კარგად არის გასარკვევი, რატომ არ მოწონს კაცს სექსი – იმიტომ რომ მხოლოდ თავის სიამოვნებას გულისხმობს, როცა მისი პარტნიორი არ არის წინასწარ მზაობაში თუ სხვა, სამედიცინო ფაქტორების გამო.
კაცი აქტიურია სექსში, მან შეიძლება ისე ჩაატაროს ეს პროცედურა რომ ქალის სურვილს, ქალის მზაობას ყურადღება არ მიაქციოს და ის სექსი შედგება. მაგრამ, ქალს სხვა რაღაცა მოსწონს. მოწონს ის, რაც მანამდეა, ე.წ. პრელუდია. და თუ პარტნორმა იცის როგორი უნდა იყოს პრელუდია, ის ქალი მერე იმ საშოსაც მშვენივრად კუმშავს და ყველას ყველაფერი მოწონს. მიმიხვდით?! აქ უკვე შემოდის ურთიერთობრივი ფაქტორი, რომელიც არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომი პერიოდის სამედიცინო ჩვენებებთან.