Search
Close this search box.

რა უნდა ვიცოდეთ საინექციო კონტრაცეფციის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ საინექციო კონტრაცეფციის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ საინექციო კონტრაცეფციის შესახებ?

კონტრაცეფციის არაერთი მეთოდი არსებობს, რაც ზოგჯერ ქალებში დაბნეულობას იწვევს. ჩვენ გვსურს მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ კონტრაცეფციის თითოეული მეთოდის შესახებ.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ინფორმაციას საინექციო კონტრაცეფციის შესახებ. ჩვენს კითხვებს პასუხობს „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ლალი ფხალაძე.

რა არის საინექციო კონტრაცეფცია?

საინექციო კონტრაცეფცია მიეკუთვნება ჰორმონული კონტრაცეფციის ჯგუფს. მის შემადგენლობაში არის ქალის ნატურალური ჰორმონების-ესტროგენის და პროგესტერონის სინთეზური ანალოგები. შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ პოგესტერონს ან ესტროგენსა და პროგესტერონს ერთად. ამის მიხედვით მეთოდი იყოფა ორ ჯგუფად-კომბინირებულ საინექციო კონტრაცეფცია და პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია.ამასთან, საინექციო კონტრაცეფცია გახანგრძლივებული მოქმედების, ე.წ. „დეპო“ პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთჯერადი გამოყენებით მიიღწევა ხანგრძლივი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი.

საინექციო კონტრაცეფცია ძალიან ჰგავს ორალურ ჰორმონულ კონტრაცეფციას. სხავობა არის მიღების წესსა და რეჟიმს შორის. საინექციოს შემთხვევაში ეს არის პარენტერალური გამოყენება-ინექცია კუნთში 1-2-3 თვეში ერთხელ, ხოლო ორალური კონტრაცეფციის შემთხვევაში აბები მიიღება ყოველდღიურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედების მექანიზმი, ეფექტურობა, ჩვენებები, უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები და ა.შ. მსგავსია.

ვის შეუძლია მიიღოს ეს კონტრაცეფცია? ვისთვის არ არის რეკომენდირებული?

საინექციო კონტრაცეფციის გამოყენება შეუძლია ყველა ქალს, ვისაც სჭირდება ორსულობისაგან საიმედო დაცვა. რეკომენდებულია გულმავიწყი ქალბატონებისათვის, ვისაც არ შეუძლია კომბინირებული ორალური კონტრაცეფტივების ყოველდღიური მიღება.აუცილებელია დავაზუსტოთ, რომ კომბინირებული და პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია განსხვავდება ერთმანეთისაგან შემადგენლობით, ამიტომ მათზე ერთნაირად ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენებები, უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები გარკვეულწილად განხვავებულია.

კომბინირებული საინექციო კონტრაცეფციის ძირითადი უკუჩვენება არის ანამნეზში თრომბოზი, გენიტალიების და სარძევე ჯირკვლების სიმსივნეები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები-ჰიპერტონია. შედარებითი უკუჩვენებაა შაკიკი, ღვიძლის და თირკმლის პათოლოგია, უფროსი ასაკი-35 წელი და ზემოთ, სიგარეტის მოხმარება , სიმსუქნე და ა.შ. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მათი გამოყენება არ შეიძლება.რაც შეეხება პროგესტინულ საინექციო კონტრაცეფციას, უკუჩვენებები ნაკლები აქვს, რადგან არ შეიცავს ესტროგენს.

რამდენად უსაფრთხოა? როგორ ხდება მისი გამოყენება? რა არის მისი ეფექტურობის ვადა?

საინექციო ჰორმონული კონტრაცეფცია უსაფრთხოა თუ სწორედ ხდება მისი დანიშვნა ჩვენებების და უკუჩვენებების გათვალისწინებით.

სხვადასხვა დასახელების კონტრაცეფტივებს აქვთ მოქმედების განსხვავებული ხანგრძლივობა. ძირითადად ინექცია კეთდება 1-2-3 თვეში ერთხელ. შესაბამისად, ამ პერიოდი განმავლობაში ქალი დაცულია არარსასურველი ორსულობისაგან. რეკომენდებულია პირველი ინექცია გაკეთდეს მენსტრუაციული ციკლის პირველი 7 დღის განმავლობაში.

საინექციო კონტრაცეფციიდან საქართველოში გავრცელებული არის დეპო-პროვერა, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგესტინს- მედროქსიპროგესტერონ აცეტატს. ინექცია კეთდება 3 თვეში ერთხელ. მისი გამოყენება შეიძლება მშობიარობის შემდეგაც 6 კვირის განმავლობაში თუ ქალი ძუძუთი არ კვებავს ბავშვს, 6 თვის შემდეგ როდესაც ქალი ორსულობისგან თავის დასაცავად იყენებს ე.წ. ლაქტაციური ამენორეის მეთოდს. აბორტის შემდეგ ინექცია კეთდება 7 დღის განმავლობაში.

რა არის მისი მოქმედების მექანიზმი?

კომბინირებული საინექციო კონტრაცეფციის შემთხვევაში ძირითადი კონტრაცეფციული ეფექტი მიიღწევა ოვულაციის დათრგუნვით, ანუ არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება. პროგესტინული საინექციო კონტრაცეფციის შემთხვევაში ძირითადი მექანიზმია ცერვიკალური-ყელის არხის ლორწოს შესქელება, რაც აქვეითებს სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოს ღრუსა და მილებში. აგრეთვე თხელდება საშვილოსნოს შიგნითა გარსი- ენდომეტრიუმი, რაც აფერხებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს ღრუში.

ეფექტურობა?ანუ რამდენად იცავს?

კონტრაცეფციული ეფექტურობა, ისევე როგორც ყველა სახის ჰორმონული კონტრაცეფციის შემთხვევაში, ძალიან მაღალია. 100 ქალიდან 1 წლის განმავლობში მეთოდის გამოყენებისას შეიძლება მიღებული იქნას მხოლოდ 0.5-1.5 ორსულობა.

რა გვერდითი მოვლენა გააჩნია რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს მაგრამ არ არის საგანგაშო?

ყველაზე ტიპიური გვერდითი მოვლენა არის სისხლდენა საშოდან. ძირითადად ეს არის მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი ჩამონაშალი. პროგესტინული საინექციო კონტრაცეფციის ფონზე შეიძლება განვითარდეს ამენორეა- მენსტრუაციის შეწყვეტა გარკვეული დროით. ეს მოვლენები დისკომფოტრს უქმნის ქალს, მაგრამ არ არის საგანგაშო, მოგვარებადია. შესაძლებელია აღინიშნოს მადის გაძლიერება, წონაში მატება, ხასიათის ცვლილება დეპრესიული განწყობისკენ, სარძევე ჯირკვლების ტკივილი და ა.შ. ეს გვერდითი მოვლენები ხშირი არ არის. ზოგადად, ქალების უმრავლესობა კმაყოფილია პროგესტინული საინექციო კონტრცეფციის გამოყენებით.

რა უპირატესობა გააჩნია მას სხვა კონტრაცეფციის მეთოდებთან დაკავშირებით?

ამ მეთოდის უპირატესობა არის მიღების რეჟიმი – ის რომ ქალს ყოველდღიურად არ ჭირდება მისი მიღება, ერთი ინექცია იცავს არასაურველი ორსულობისაგან რამდენიმე თვის განმავლობაში, არის ეფექტური და საიმედო კონტრცეფტივი, არ არის ძვირად ღირებული, არაა საჭირო მარაგის შექმნა, არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტთან, არ საჭიროებს გინეკოლოგიურ გასინჯვას ინექციის წინ, ამცირებს მენსტრუაციულ სისხლდენას და იცავს ქალს ანემიის- სისხლნაკლებობისაგან. პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია დადებითად მოქმედებს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, მასტოპათია. შეიძლება გამოიყენოს მეძუძურმა დედამ, რომელსაც არ სურს დაორსულება და ა.შ.

რა ნაკლოვანებები გააჩნია მას კონტრაცეფციის სხვა მეთოდებთან შედარებით?

იმის გამო რომ ხშირია მენსტრუაცული ციკლის დარღვევა გახანგრძლივებული სისხლიანი ჩამონაშალის ან მენსტრუაციის შეწყვეტის სახით, შეიძლება ქალს შეექმნას გარკვეული დისკომფორტი და არ აღმოჩნდეს მისაღები. შეიძლება მტკივნეული იყოს ინექცია.

რა არის ყველაზე გავრცელებული მითები ამ მეთოდთან დაკავშირებით და საიდან იღებს სათავეს? რას ეტყოდით მათ ვისაც ამ მითების სჯერა?

მართალი გითხრათ, კონკრეტულად ამ მეთოდთან დაკავშირებული მითები არ მსმენია, მაგრამ რაც შეეხება ჰორმონულ კონტრაცეფციას, არა მხოლოდ საზოგადოებაში, არემედ თვით ექიმებს შორის გავრცელებულია აზრი რომ ჰორმონები იწვევს კობოს, გასუქებას და ა.შ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზოგჯერ გინეკოლოგებიც კი ერიდებიან ჰორმონული მედიკამენტების დანიშვნას. ძირითადი მიზეზი რა თქმა უნდა ინფორმაციის უქონლობაა. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის რომ ჰორმონები ხშირად ასოცირდება პრედნიზოლონთან, რომელიც დიდი დოზებით ინიშნება ისედაც მძიმე პაციენტებში. მათმა დიდი დოზებით მიღებამ მართლაც შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება, პათოლოგიური თმიანობის განვითარება და ა.შ. მაგრამ ეს არ ეხება ჰორმონულ კონტრაცეფციას.

განვმარტავ, რომ„ჰორმონები“ ფართო ცნებაა. ისინი გამომუშავდებიან ჩვენს ორგანიზმში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ და მონაწილეობენ ყველა სასიცოცხლო პროცესში. მათი უკმარისობა ხშირად დრამატულია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. ჰორმონია ინსულინი, რომელიც კუჭკქვეშა ჯირკვალში გამომუშავდება და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით. ჰორმონია თიროქსინი, რომელიც ფარისებური ჯირკვლის მიერ გამოიყოფა და ინიშნება პაციენტებში ჩიყვის, ჰიპოთირეოზის დროს. ჰორმონული თერაპია ძირითადად ინიშნება ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, ანუ ორგანიზმს ვაწვდით ჰორმონს იმ რაოდენობით რის ნაკლებობასაც განიცდის და რაც აუცილებელია ამა თუ იმ ორგანოს ნორმალური მუშაობისათვის.

ხოლო რაც შეეხება ე.წ. ქალურ ჰორმონებს- ესტროგენებსა და პროგესტერონს, ისინი საკვერცხეში გამომუშავდება და უზრუნველყოფს ქალის რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. სწორედ მათი სინთეზური ანალოგებია ჰორმონული კონტრაცეფტივების შემადგენლობაში, რომლებსაც კონტრაცეფციული ეფექტის გარდა სამკურნალო ეფექტებიც გააჩნიათ. სხვადსხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც იყენებენ ჰორმონულ კონტრაცეფციას, საკვერცხის, ენდომეტრიუმის, სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი ნაკლები აქვთ.

ვის უნდა მივმართოთ რჩევისთვის და სად?

კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევა რეპროდუქტოლოგის კომპეტენცია. შესაბამისად, კვალიფიციური კონსულტაცია შესაძლებელია ჩატარდეს რეპროდუქციულ კლინიკებში. კონტრაცეფციის დანერგვა საქართველოში უკავშირდება პროფესორ არჩილ ხომასურიძის სახელს. იგი 30 წელი ხელმძღვანელობდა ჟორდანიას ინსტიტუტს, რომელიც იყო ფლაგმანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში. ამ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველო უფასოდ მარაგდებოდა სხავდასხვა სახის კონტრაცეფტივებით.

სად არის ხელმისაწვდომი? რა არის ღირებულება?

საქართველოში ამ ჯგუფიდან ხემისაწვდომი იყო და რჩება მხოლოდ პროგესტერონშემცველი გახანგრძლივებული მოქმედების საინექციო კონტრაცეფტივი-„დეპო-პროვერა“. მის შემადგენლობაში არის პროგესტერონის სინთეზური ანალოგი- მედროქსიპროგესტერონ აცეტატი, რომლის ერთჯერადი ინექცია უზრუნველყოფს არასასურველი ორსულობისაგან დაცვას სამი თვის განმავლობაში.აღსანიშნავია, რომ დეპო-პროვერა გამოიყენება სხვდასხვა დაავადებების სამკურნალოდ- საშვილოსნოს მიომა, კლიმაქსური სინდრომი, ონკოლოგიური დაავადებები. ცხადია, მედიკამენტის სამკურნალო დოზა და მიღების რეჟიმი განსხვავდება კონტრაცეფციული დოზის და რეჟიმისაგან.

მისი შეძენა აფთიაქებშია შესაძლებელი. ფასი ხელმისაწვდომია, 150 მგ დეპო-პროვერა 5 ლარიდან-11 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად არ არის გაყიდვაში დეფიციტის გამო.

საინფორმაციო ხასიათის სტატიები მომზადებულია ასოციაცია ჰერა-XXI მიერ