რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პროცედურის შესახებ ?!
2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი დაფიქსირდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობების რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იკლებს. ამის მიუხედავად, „აბორტი კვლავ წარმოადგენს ოჯახის დაგეგმვის ძირითად მეთოდს და მისი სიხშირის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის დაგეგმვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენების გაზრდით“ – ვკითხულობთ საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტარტეგიაში.
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მეთოდებზე, პროცედურაზე, შესაძლო გართულებებსა და პოსტ-აბორტულ ზრუნვაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ გაგუა გვესაუბრება.
რა არის აბორტი და როგორ განსაზღვრავს მას ჩვენი კანონმდებლობა?
აბორტი, ეს არის ორსულობის შეწყვეტა 22 კვირის ვადამდე. არსებობს ხელოვნური და თვითნებითი აბორტები. თვითნებითია აბორტი, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ორსულობა თავისით წყდება, ხოლო ხელოვნური აბორტი არის ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო ჩარევით ქალის გადაწყვეტილების გამო. საქართველოში კანონით აბორტი ნებადართულია ორსულობის 12 კვირამდე. იშვიათ შემთხვევებში, ექიმთა ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეყილებით, შეიძილება პროცედურა ჩატარდეს ორსულობა 12 კვირის შემდგომ პერიოდშიც (22 კვირამდე). მაგრამ, ამას სჭირდება მყარი სამედიცინო საფუძველი და სერიოზული დასაბუთება. მაგ. როდესაც ფიქსირდება სიცოცხლესთან შეუთავსებელი პათოლოგია.
რა მეთოდებით ხდება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა?
არსებობს ორი ტიპის ხელოვნური აბორტი: მედიკამენტოზური და ინსტრუმენტული(ქირურგიული). მედიკამენტოზური აბორტი ძირითადად გამოიყენება ორსულობის უფრო ადრეულ ვადებზე და გულისხმობს ორი პრეპარატის მიღებას გარკვეული შუალედით. პროცედურის დეტალური ინსტრუქტაჟი ხდება უშუალოდ ექიმის მიერ. ინსტრუმენტულ მეთოდი თავის მხრივ ორი სახისაა, თუმცა, ძირითადად მიმართავენ ვაკუუმ-ასპირაციას, რომელიც, განსხვავებით მედიკამენტოზური აბორტისგან, სტაციონარში კეთდება.
რომელი მეთოდია უფრო უსაფრთხო?
ასე ცალსახად არაფრის თქმა შეიძლება. ორივეს აქვს თავისი უპირატესობები. გამომდინარე იქედან, რომ მედიკამენტოზური აბორტის შემთხვევაში ინფექციის რისკი ნაკლებია და ქალები ნაკლებ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან შეიძლება ვთქვათ, რომ თუ აბორტი ორსულობის ადრეულ ვადაზე კეთდება, სასურველია მედიკამენტოზური. მაგრამ, მაინც, ეს უნდა გადაწყდეს ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე.
ვინ წყვეტს რომელი მეთოდით ჩატარდება აბორტი – ექიმი განსაზღვარს თუ პაციენტი ირჩევს?
ჩვეულებრივ, აბორტის მეთოდი კონკრეტულ შემთხვევებში განისაზღვრება ექიმთან პირველადი კონსულტაციის შემდეგ ორსულობის ვადიდან, შესაძლო გართულებების რისკიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
მითია თუ რეალობა რომ თუ პირველი ორსულობის შემთხვევაში გაიკეთებ აბორტს, შემდეგ ვეღარ დაორსულდები?
სამედიცინო ლიტერატურაში ამაზე საუბარი არ არის. უსაფრთხო აბორტის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ეს არის მედიკამენტოზური აბორტი, გართულებების რისკი დაბალია და არც შემდგომი ორსულობა გამოირიცხება.
რა გართულებები შეიძლება მოყვეს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას? რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ქალმა ექიმს?
ზოგადად, პროცედურიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაგინალური გამონადენი ნორმალურია, თუმცა, ეს არ უნდა იყოს ჭარბი. ექიმისთვის მიმართვა აუცილებელია თუ შეინიშნება ძლიერი ვაგინალური სისხლდენა, მაღალი ცხელება ან ძლერი მუცლის ტკივილი.
როგორ უნდა დაიცვას თავი ქალმა შემდგომი არასასურველი ორსულობისგან? რომელი კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული აბორტის შემდგომ პერიოდში?
ზოგადად, აბორტის შემდეგ მინიმუმ ექვსი თვე არ არის რეკომენდებული დაორსულება, თუმცა, ფერტილობა პროცედურიდან ორ კვირაში აღდგება. ამიტომ, აუცილებელია კონტრაცეპტივების გამოყენება. აბორტის შედგომი კონტრაცეფციები არის საკმაოდ მრავალფეროვანი, დაწყებული საშვილოსნოს შიდა საშუალებებიდან დამთავრებული კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებით. ასევე გამოიყენება კონდომი, სპერმიციდები, იმპლანტები, დიაფრაგმა … თუ პროცედურა გართულებების გარეშე ჩაივლის, ფაქტობრივად ნებისმიერი კონტრაცეფცია შეიძლება დაინიშნოს. სხვათაშორის, საშვილოსნოს შიდა სპირალის მოთავსება უშუალოდ აბორტის პროცედურის დროსაცაა შესაძლებელი. ძალიან ხშირად ქალები ამას აკეთებენ.
რა რეკომენდაციებს მისცემდით ქალებს აბორტის შემდგომი პერიოდისთვის?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აკონტროლოს გართულებები და აუცილებლობის შემთხვევაში მიმართოს ექიმს. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ეს არის იდეალური პერიოდი, როცა სერვისის მიმწოდებელმა ქალს შეიძლება შესთავაზოს აბორტის შემედგომი კონტრაცეფცია. ორი დრო არის როცა ქალი ყველაზე მეტად ფიქრობს კონტრაცეფიაზე არის პირველი, როცა სამშობიაროშია და ბავშვს აჩენს, იმიტომ რომ ბავშვთან ერთად ბრუნდება სახლში და არ უნდა ხვალვე მოუწიოს უკან მობრუნება და მეორე, აბორტის შემდეგ. იმიტომ, რომ იქ მოხვედრა მეორეჯერ არც ერთ ქალს აღარ უნდა. მე მაგალითად სულ ვეუბნები ჩემს რეზიდენტებს, რომ აი ამ დროს ელაპარაკეთ ქალს კონტრაცეფციაზე, იმიტომ რომ ამ დროს გისმენს. თუ ჩვენ გვინდა რეალური შედეგის მიღწევა აბორტების შემცირების კუთხით სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ