რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ ?!
გადაუდებელი კონტრაცეფცია აერთიანებს ყველა იმ მეთოდს, რომელიც გამოიყენება დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ ორსულობის დადგომამდე. მსგავსი მეთოდი საშუალებას აძლევს ქალებს თავიდან აიცილონ არასასურველი/დაუგეგმავი ორსულობა და აბორტის საჭიროება.
გადაუდებელი კონტრაცეფცია საკმაოდ ეფექტური მეთოდია, რომელიც დაუგეგმავი ორსულობის შანსს 99%-ით ამცირებს.
მიუხედავად მისი დადებითი მხარეებისა, გადაუდებელი კონტრაცეფცია ხშირად არ გამოიყენება,რადგან ბევრ ქვეყანაში, ქალებს კონტრაცეფციის ამ მეთოდებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ჯერ კიდევ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ ბევრ ქალს გადაუდებელ კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნია.
გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზი ხშირად მისი აბორტთან გაიგივება ხდება თუმცა, აღნიშნული არგუმენტი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან კონტრაცეფციის ეს მეთოდი მხოლოდ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, მას არ შეუძლია უკვე დამდგარი ორსულობის შეწყვეტა. მსგავსი უსაფუძვლო მოსაზრებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საზოგადოების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და სამედიცინო წრეების წარმომადგენლების ინფორმირებულობის ამაღლება, რათა მათ შეძლონ აუხსნან ქალებს, რომ გადაუდებელი კონტრაცეფცია უსაფრთხო და ეფექტურია.
არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის რამოდენიმე სახეობა, მათ შორის საშვილოსნოს შიგა საშუალება(სპირალი) და ჰორმონალური აბები. ორივე მეთოდი ხელს უშლის სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას, თუმცა არც ერთი მათგანი არ წყვეტს ორსულობას.
როდის არის მიზანშეწონილი გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება?
გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება მიზანშეწონილია დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ. მისი ეფექტურობა ყველაზე მაღალია თუ აბს დაუცველი სექსუალური კავშირიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებთ. თუმცა, გადაუდებელი კონტრაცეფცია შეიძლება ეფექტური იყოს 120 საათის განმავლობაში.
რამდენად ხშირად შეიძლება მისი გამოყენება?
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის ხშირ გამოყენებას ქალის ჯანმრთელობაზე სერიოზული უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, მისი გრძელვადიანი კონტრაცეფციის მეთოდად განხილვა არ შეიძლება. ორალური კონტრაცეფციის ხშირი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევები.
ქალებს, რომლებიც გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდს მიმართავენ, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია სხვა საშუალებების შესახებ, რომლებიც გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული ყველა ბარიერის აღმოფხვრა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და კომპეტენციები რომ ეფექტურად ებრძოლონ კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდის შესახებ დამკვიდრებულ არასწორ ინფორმაციასა და სტერეოტიპებს.