”მშობლის როლი, შვილის სექსუალურ აღზრდაში”
ჩვენს რეალობაში, ახალგაზრდები სოციალიზაციის პროცესს გადიან ისე რომ არ არიან ინფორმირებული თავიანთი მომავალი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტზე-სექსუალურ ცხოვრებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
ისინი გაუცხოებულნი არიან და მათი წარმოდგენები ზედმეტად გულუბრყვილოც კი არის, მაგ: წარმოდგენები, რომ ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოვა, ეს უკანასკნელი კი თავის თავში ფაქტობრივად გამორიცხავს პრევენციული ზომების გათვალისწინებას, რადგან გულისხმობს სწავლას როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ გამოცდილებაზე.
არაინფორმირებულობის მიზეზი არის უხერხულობის ბარიერები მშობლებთან, მასწავლებლებთან, რელიგიური და სხვა ფაქტორები.
მოზარდების სექსუალურ საკითხების შესახებ განათლება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მშობლებისათვის. ისინი ხშირად ვერ ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია შვილებისთვის, სწორედ საკუთარი მშობლის დახმარებით გაიაზროს სექსუალური ცხოვრების მნიშვნელობა, პასუხისმგებლობა და საკუთარი სექსუალური ქცევის შედეგები. ზოგიერთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მშობლები შესაძლოა აცნობიერებდნენ მათი შვილების სექსუალურ საკითხების შესახებ განათლების მნიშვნელობას და გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას, მათ ეუხერხულებათ ამ თემაზე საუბარი.
„რესპოდენტი: მარტოები როცა ვრჩებოდით, დედაჩემს ხშირად უცდია მაგ თემასთან დაკავშირებით დაეწყო საუბარი, მაგრამ მე ყოველთვის თავს ვარიდებდი, მაინტერესებდა ეს თემა ძალიან, მაგრამ მერიდებოდა დედასთან ამ თემაზე ლაპარაკი და თუ სხვებთან ყურს მოვკრავდი ხოლმე ამ საუბარს, აი მაგ შემთხვევაში ვიგებდი ამის შესახებ ინფორმაციას.
ინტერვიუერი: ანუ, ინიციატორი ამ საუბრის დედა იყო მაინც, ვიდრე შენ?
რესპოდენტი: კი, მე არასოდეს არ გამომიჩენია ინიციატივა, არც დედასთან და არც არავისთან. მაინტერესებდა ბევრი რაღაც, მაგრამ ვკმაყოფილდებოდი იმ მოსმენილი საუბრით, რასაც ვიგებდი ხოლმე. თან ათასი საშუალება არსებობს ახლა, რომ გაიგო სხვადასხვა ინფორმაცია ამ თემაზე, მაგრამ რავიცი, ისეთ ასაკში ვიყავი, რომ ყურადღებას არ ვაქცევდი.. მაინტერესებდა, მაგრამ ის, რომ აუცილებლად უნდა გავიგო ეს ყველაფერი ახლა, ასე არ ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, რომ გავიგებ. (25 წლის)
რესპოდენტი:„მშობლები ყოველთვის უნდა ელაპარაკებოდნენ ამ თემებზე შვილებს – სექსუალურ ცხოვრებაზე. ამ მხრივ, [მოზარდს] განათლება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, მე არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში იყოს ეს ჩვეულებრივ შემოღებული და ტარდებოდეს გაკვეთილები. ეს არ არის სირცხვილი, პირიქით, რაც უფრო განათლებული ხარ ამ საკითხში და მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უკეთ იცი, რა როგორ უნდა გააკეთო. იმის გამო, რომ შენ სექსის სურვილი გაქვს, არ უნდა გათხოვდე.“ (24 წლის)
უმნიშვნელოვანესია მშობლის როლი შვილის ინფორმირების კუთხით და მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: სექსის შესახებ ისაუბროს ბუნებრივად, როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მოიყვანოს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მაგალითები. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ საუბარმა არ უნდა მიიღოს ლექციის ფორმა. მნიშვნელოვანია მშობელმა გაითვალისწინოს, რომ სექსზე საუბარი არ ნიშნავს მხოლოდ სასქესო ორგანოების აგებულებაზე ხაზგასმას, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ მეტი საკუთარი ემოციების, საკუთარი სხეულის და მათი გადაწყვეტილებების მნიშვნელობის შესახებ.
მშობელი მოზარდს უნდა ესაუბროს: გარდატეხის ასაკში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ესაუბროს სექსუალური ცხოვრების მნიშვნელობის, სექსუალური ქცევის შედეგის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, არასასურველი ორსულობის და თავის დაცვის საშუალებების შესახებ.
ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შეუძლია მშობელს დაუსვას კითხვები სექსუალური საკითხების შესახებ და მიიღოს კომპეტენტური პასუხები, რაც მას თვიდან აარიდებს გაუთვალისწინებელ და გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებებს.
რესურსი: კვლევა სახელწოდებით: ”ახალგაზრდეის ცხოვრებისეული გამოცდილება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით”
ბმული: https://hera-youth.ge/index.php?m=50&news_id=160