Search
Close this search box.

გაიგე მეტი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე — ასოციაცია “HERA XXI”-ის საგანმანათლებლო ინიციატივები

გაიგე მეტი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე — ასოციაცია “HERA XXI”-ის საგანმანათლებლო ინიციატივები

გაიგე მეტი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე — ასოციაცია “HERA XXI”-ის საგანმანათლებლო ინიციატივები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უსაფრთხო სექსი, ჰიგიენა, აბორტის უფლება — სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, ამ თემებზე სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელია.

როგორც წესი, აღნიშნულ თემებზე ინფორმაციას ბავშვობიდანვე — სკოლაში ჩვენთვის გასაგები და მარტივად აღსაქმელი ენით უნდა ვიღებდეთ, თუმცა საიდუმლო არავისთვისაა, რომ საკლასო ოთახებში სექსთან, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე ტაბუდადებული თემაა. სამწუხაროდ, ბავშვებს ამ დანაკლისს ხშირად ვერც მშობლები უვსებენ, შედეგად კი ისინი არასრულ ან არასწორ ინფორმაციას იღებენ, რითაც საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ.

ასეთი მდგომარეობის ფონზე დაინტერესებული პირებისთვის სწორი, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციისა და კეთილგანწყობილი კონფიდენციალური სერვისების მიწოდებას ასოციაცია “HERA XXI” უზრუნველყოფს. ორგანიზაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს და ადამიანებს სოციალური მუშაკის, ექიმ-რეპროდუქტოლოგებისა და იურისტის უფასო ონლაინ კონსულტაციების გარდა, საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებს სთავაზობს. თუ უკვე გააკეთე On.ge-ის ტესტი და გაიგე, როგორ ერკვევი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში, ამჯერად “HERA XXI”-ის საგანმანათლებლო ინიციატივებზე მოგიყვებით.

1. თანასწორთა განათლება ჯანსაღი მომავლისთვის

ფოტო: ჰერა XXl

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ადამიანებს სწორი ინფორმაცია ადრეული ასაკიდან უნდა ჰქონდეთ, სწორედ ამიტომ ახალგაზრდების განათლების მიმართულებით მუშაობა “HERA XXI-ისთვის” განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით განხორციელებულ და განსახორციელებელ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი “თანასწორგანმანათლებლების” პროექტია.

ასოციაცია “HERA XXI-ის” ორგანიზებით 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ თემატურ სესიებსა და თანასწორგანმანათლებლებისთვის TOT მეთოდოლოგიურ ტრენინგს გადიან. საბოლოოდ შერჩეული ახალგაზრდები კი სასწავლო-საინფორმაციო სესიებს სასწავლო დაწესებულებებში თანატოლებს უტარებენ. ამ გზით ახალ თაობას სწორ და სანდო ინფორმაციას მათი თანატოლები გასაგები ენით აწვდიან.

2. აკრედიტირებული ელექტრონული სასწავლო კურსი “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მასწავლებლებისთვის”

ფოტო: ჰერა XXl

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სწორ ინფორმაციას ბავშვი სკოლაშივე იღებდეს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ შესაბამისი ცოდნა თავად მასწავლებლებს ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზნით განათლების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული სასწავლო ტრენინგი “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მასწავლებლებისთვის”.

კურსი სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებზე, აგრეთვე, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ დაინტერესებულ პირებზეა გათვლილი. კურსის ფარგლებში მათ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სხვადასხვა ჭრილში მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ. მასწავლებლები მიიღებენ იმ საჭირო ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ინფორმაციის მოსწავლეებისთვის გასაგები ენითა და ფორმით გადაცემაში დაეხმარებათ.

3. forteachers.ge — ვებგვერდი მასწავლებლებისთვის

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის ეფექტიანი გზებითა და გასაგები ენით გადაცემაში მასწავლებლებს ვებგვერდი forteachers.ge დაეხმარებათ. ვებგვერდზე განთავსებული მასალები ექიმ-რეპროდუქტოლოგების, ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშობის შედეგადაა შემუშავებული.

ვებგვერდზე ინფორმაცია თემების მიხედვითაა დაყოფილი. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ამ თემებს კლასების მიხედვით გაეცნონ და საგაკვეთილო გეგმაც შეიმუშაონ. ვებგვერდზე მასწავლებლებს იმ მითითებების ნახვაც შეუძლიათ, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვაში, სწავლების მეთოდების შემუშავებაში, სენსიტიურ თემებზე მუშაობასა და სხვა საკითხებში დაეხმარებათ.

4. forparents.ge და სპეციალური აპლიკაცია მშობლებისთვის

სკოლასთან თუ მის გარეშე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მშობლებისა თუ აღმზრდელებისგან მიიღოს. ამ თემებზე სასაუბროდ კონკრეტულ საკითხებზე ცოდნა საკმარისი არაა — მშობლებმა ბავშვს ყველაფერი მისთვის მისაღები ფორმითა და გასაგები ენით უნდა აუხსნან, აგრეთვე, გაითვალისწინონ სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის, ბავშვის ასაკიც.

მშობლების დასახმარებლად “HERA XXI-მა” სპეციალური ვებგვერდი forparents.ge შექმნა. ვებგვერდზე დაინტერესებულ მშობლებს სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიღება თემების მიხედვით შეუძლიათ. თემებს შორისაა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, გენდერი და გენდერული თანასწორობა, სქესობრივი მომწიფება და სხვა. ვებგვერდზე ინფორმაცია ბავშვის ასაკის მიხედვითაც იყოფა. მშობლები სასარგებლო რჩევებთან ერთად საინტერესო და სანდო მასალებსაც მიიღებენ, რომლითაც შვილის აღზრდისა და განვითარების პროცესში გამოიყენებენ.

ინფორმაციის სწორი გზით გადაცემაში “HERA XXI-ის” აპლიკაცია “მშობლებისთვის” დაგეხმარებათ. ის პროექტისთვის “პარტნიორობის განვითარება ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლებისათვის” შეიქმნა. პროექტის პარტნიორები არიან დანიის ოჯახის დაგეგმვის ასოციაცია DFPA და უკრაინის არასამთავრობო ასოციაცია WHFP. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

5. სხვა კურსები დაინტერესებული პირებისთვის

ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ “HERA XXI-ის” პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. “HERA XXI” კონკრეტულ ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებს დამატებით შემდეგ კურსებს სთავაზობს:

“მოზარდთა რეპროდუქციული განვითარება და ჯანმრთელობა”

აღნიშნული კურსი სკოლის ექიმებისთვისაა განკუთვნილი. მის ფარგლებში ექიმები მოზარდთა ბიო-ფსიქო-სოციალური, მათ შორის რეპროდუქციული განვითარებისა და ჯანმრთელობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ და მოსწავლეებთან და მათ ოჯახთან ურთიერთობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ.

“რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში”

კურსი ოჯახის ექიმებისთვის, ექიმ-რეპროდუქტოლოგებისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედდებისთვისაა განკუთვნილი. კურსის ფარგლებში მონაწილეები რეპროდუქციულ სფეროში გავრცელებული პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას მიიღებენ ან გაიუმჯობესებენ.

“უსაფრთხო რეპროდუქციული სერვისები/უსაფრთხო აბორტი”

აღნიშნული კურსი მეან–გინეკოლოგებისთვის, ექიმ-რეპროდუქტოლოგებისთვის, ოჯახის ექიმებისთვის, პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედდებისთვის, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ორსულობის დიაგნოსტირება, უსაფრთხო აბორტი, უსაფრთხო რეპროდუქციულ სერვისებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები და ა.შ.

“სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა (სრჯ) კრიზისულ სიტუაციებში”

კურსი განკუთვნილია საგანგებო ვითარებაზე რეაგირების ჯგუფებისათვის და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაცებისათვის, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებენ ისეთ ვითარებებზე, როგორებიცაა შეიარაღებული კონფლიქტები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა.

ელექტრონული სასწავლო კურსი თანასწორ განმანათლებლებისთვის — “ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”

აღნიშნული კურსის ფარგლებში თანასწორგანმანათლებლები, მასწავლებლები და სოციალური მუშაკები მიიღებენ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორებიცაა სქესობრიოვი ჯანმრთელობის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა; სხეულის სქესობრივი სიმწიფე და რეპროდუქცია; სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა; სექსუალური ძალადობა და ა.შ.

ორგანიზაცია “HERA XXI” სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. აღნიშნულ თემებსა და ქვეყანაში არსებულ რეალობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ორგანიზაციის ანგარიშებს გაეცნოთ.

სტატია მომზადებულია: On.ge -ს მიერ