ასოციაცია „ჰერა XXI“ წეროვანში

7 მარტს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა წეროვანში რამდენიმე, სხვადასხვა სახის აქტივობა ჩაატარა. მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია წეროვანის ამბულატორიულ ცენტრში, ორგანიზაციის რეპროდუქტოლოგთან უფასო კონსულტაციის შესაძლებლობამ, რომელიც განკუთვნილი იყო ფერტილური ასაკის ქალებისთვის. ადგილობრივებს კვალიფიციური სპეციალისტისგან შეეძლოთ კონსულტაციის მიღება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ოჯახის დაგეგმვის საშუალებებზე, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე და ა.შ.  

გარდა ამისა, ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებსაც გააცნეს ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა და ორგანიზაციაში მოხალისეობის შესაძლებლობები და ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქტივობები.  ჩატარდა შეხვედრა მშობლებთანაც, ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით, დამსწრე აუდიტორიას ძირითადად მშობლები და მასწავლებლები შეადგენდნენ. თუმცა, ორგანიზაციის საქმიანობით ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. კამპანიის ფარგლებში,  გაიმართა მშობლებისთვის შექმნილი ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის შესახებ (forparents.ge და „მშობლებისთვის“) პრეზენტაცია.

შეგახსენებთ, რომ ახალი ონლაინ პლატფორმა forparents.ge შეიქმნა მშობლებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ შვილების ინფორმირება, ასაკზე მორგებული ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით.