ასოციაცია “ჰერა XXI”-ის პოზიცია სექსუალური შევიწროების შესახებ კანონზე
ასოციაცია “ჰერა XXI” ეხმიანება სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება და აღნიშანვს, რომ ეს წინგადადგმული და პოზიტიური ნაბიჯია. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა ქალთა უფლებების დაცვისა და მათი ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.
სექსუალური შევიწროება, როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინება, საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის შესაბამისი კანონმდებლობა აქამდე არ არსებობდა, რაც პრობლემის დაძლევის კუთხით მუშაობას მნიშვნელოვნად აფერხებდა.
სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში მკაცრად განისაზღვრა და დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯაროდ, დარეგულირდა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო შრომის კოდექსს, სახალხო დამცველის შესახებ კანონს, სამოქალაქო საპროცესოსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს
სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სამუშაო პროცესი, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. წლების განმავლობაში, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტი საქართველოს მოუწოდებდა შეემუშავებინა და გაეძლირებინა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტური ზომები.
სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი საფუძველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, 2017 წელს ჩატარებული კვლევა[1] გახდა, რომლის თანახმად, საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-დან 1 ქალს გამოუცდია. აღნიშნული კვლევას, თავის მხრივ, წინ უძღვოდა UN Women-ის მრავალწლიანი მუშაობა, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღმოფხვრის, მისი პრევენციისა და შესაბამისი საკოანონმდებლო ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობისთვის. 2014-2015 წლიდან, UN Women აქტიურად საუბრობდა [2]იმის შესახებ, რომ სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას უშლის ხელს. 2017 წლის[3] აპრილში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით შექმნილი ინოვაციური ელექტრონული კურსი წარუდგინა მთავრობასა და პარლამენტს. წლების განმავლობაში, UN Women-ი მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე და აქტიურად მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას შეესრულებინა ამ კუთხით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
გარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა, კანონპროექტს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად ლობირებდნენ. კანონპროექტი USAID-ის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ის მხარდაჭერით მომზადდა და პროგრამის ექსპერტემბა მის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს.
[1] http://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2018/03/national-study-on-violence-against-women-in-georgia-2017
[2] http://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2015/11/sexual-harassment-restricting-womens-economic-empowerment
[3] http://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2017/04/high-level-commitments-to-the-prevention-of-sexual-harassment-in-the-workplace