ასოციაცია “ჰერა XXI” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას დაესწრო
შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNPA) და საერთაშორისო ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის (IPPF) ორგანიზებით ჩატარდა .
საქართველოდან სამუშაო პროცესში ჩართული იყო ასოციაცია “ჰერა XXI“ -ის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“-ს, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა“ და „შიდსის ცენტრის“ წარმომადგენლები .
2015 წელს საქართველოში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, უკრაინაში, სერბიაში, ალბანეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და მაკედონიაში ჩატარდა კვლევები მაღალი რისკის მქონე ფოკუს ჯგუფებში 18-24 წლამდე ახალგაზრდებთან, კერძოდ გამოიკითხა: მსმ კაცები, სექსმუშაკები, ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებლები და ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექცია შიდსით. კვლევის ძირითადი მიზანი იყო სიტუაციური ანალიზი და ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გამოვლენა. კვლევის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, შეიქმნება ძირითადი პროგრამული ჩარჩო დოკუმენტი რეკომენდაციებით, ქვეყნის საქმოქმედო გეგმა/პროგრამული სახელმძღვანელო, სადაც განისაზღვრება უშუალო პროექტები და აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად. აღნიშნული დოკუმენტი უკვე რამოდენიმე თვეში იქნება ხელმისაწვდომი.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა მაგდა კოსტავა, არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ს პროექტების კოორდინატორი: – „პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდა საქართველოში, 2015 წელს, თითოეულმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რომელიც ჩართული იყო კვლევაში ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების გამოსავლენად, რომელშიც ასახა ამ სფეროში არსებული ყველა პრობლემატური საკითხი, შეხვედრას ესწრებოდა ყველა ქვეყნის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე სათემო ჯგუფის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, რომელთაც ეხებათ კვლევაში ასახული სხვადასხვა პრობლემები.
წელს, კიევში გამართულ შეხვედრაზე გახილული იყო კვლევების წარმართვის სირთულეები და ძირითადი მიგნებები, კიდევ ერთხელ მოხდა კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამული ჩარჩო დოკუმენტის განხილვა. განვიხილეთ სხვადასხვა პროგრამებისა და აქტივობების იმპლემენტაციის საკითხები და პერსპექტივები, რა მდგომარეობა აქვს ქვეყანას აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, რა არის შესაცვლელი, ასევე მოხდა საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და მიდგომების გაცვლა პრობლემების მოსაგვარებლად.
ქვეყნის სამოქმედო გეგმის შედგენისას ასოციაცია ”ჰერა XXI“ იყო ჩართული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში, გავუზიარეთ ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, თუ რა პრობლემური საკითხებია იდენტიფიცირებული ჩვენი 20 მუშაობის პერიოდში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებში, მაქსიმალურად ვეცადეთ ასახულიყო ამ სფეროში არსებული ყველა პრობლემატური საკითხი, განვიხილეთ ის შესაძლო აქტივობები, რომლებიც რელევანტურია ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში განსახორციელებლად“ – განაცხადა მაგდა კოსტავამ.