LiveZilla Live Chat Software
ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ განმანათლებელი - გაიცანით მარიამ ობოლაშვილი
18.03.2015

მარიამ ობოლაშვილი ასოციაცია ჰერა XXI-ს ასაკით ყველაზე პატარა თანასწორ–განმანათლებელია. ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და ახალციხის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. ასოციაცია ჰერა XXI-ს ტრენინგებზე მიღებულ ინფორმაციასაც სწორედ თანატოლებს –კლასელებსა და თანასკოლელებს უზიარებს.

უკვე გაიარა ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები,სექსუალური უფლებები, ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული რისკები, უსაფრთხო აბორტის მეთოდები და ოჯახის დაგეგმვის სერვისები, სექსუალური გზით გადამდები დაავდებების მათ შორის აივ ინფექცია შიდსის პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორ–განმანათლებელი ცოტა ხნის წინ გახდა, უკვე ხუთი საინფორმაციო სესიის ჩატარებაც მოასწრო.


,,ყველაზე რთული საინფორმაციო სესიების ჩატარების პროცესში – აუდიტორიის მართვაა, მაგრამ მგონი გამომდის. ასოციაცია ჰერა XXI-მ საუკეთესო, პროფესიონალი ტრენერები გამოგვიყო. გარდა იმისა, რომ მათ სრულყოფილად მოგვაწოდეს ინფორმაცია რეპროდუქციულ სფეროზე, ჯანმრთელობასა და უფლებებზე –ჩვენი როგორც თანასწორ განმანათლებლების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაზეც მაქსიმალურად იზრუნეს. ვფიქრობ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიც ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობაა საფუძვლიანი ინფორმაცია მივიღე. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს ახლა მეტად თავდაჯერებული ვარ აუდიტორიასთან ურთიერთობის დროს და მეტად კომუნიკაბელური. სენსიტიურ თემებზე საუბარი აღარ მიჭირს და პირიქით ვცდილობ ჩემი თანატოლებიც ვაზიარო ამ ცოდნას.

 

რეგიონში ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტები. ვცდილობ თანატოლებს ავუხსნა რა სააფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ქორწინებასა და ორსულობას მათ ასაკში. ნაადრევი ქორწინება, მეტადრე ორსულობა ზრდის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, დიდია რისკი იმის, რომ არასრულწლოვანის მიერ გაჩენილ ბავშვსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს. ასეთი ბავშვები ორჯერ უფრო მეტად არიან მიდრეკილები ავადობისკენ. გაცილებით მაღალია ჯანმრთელი შვილის ყოლის შანსი მაშინ როდესაც დედა სრულწლოვანია.

 

გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა ადრეულ ასაკში ქორწინებითა და ბავშვის გაჩენით გოგონები ფაქტობრივად კარგავენ განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. შედეგად კი ოჯახშიც დაუცველები არიან და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.

 

ზოგადად მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით 15დან–19 წლამდე ასაკის მოზარდები სექსუალურად აქტიურები არიან თუმცა არ სურთ ფეხმძიმობა და სამწუხაროდ არც კონტრაცეფტივების თანამედროვე მეთოდებზე ფლობენ ინფორმაციას. საქართველოშიც სამწუხაროდ ასეა. მოზარდობის ასაკში დაოჯახებულ წყვილებს კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ინფორმაცია არ აქვთ და შედეგად დაუგეგმავი ორსულობა დგება. 
ჩემ მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებზე მყოფმა მოზარდებმა კი უკვე იციან ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ საფრთხეებსა და პრევენციის მეთოდებზეც. შესაბამიად დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებებს უფრო გააზრებულად მიიღებენ. ჯერ სულ 17 წლის ვარ თუმცა ვფიქრობ დიდ საქმეს ვაკეთებ.

ეს მარიამის ისტორია, შენც შეგიძლია შექმნა შენი ისტორია – გახდი ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ განმანთლებელი!