LiveZilla Live Chat Software
აივ/ინფიცირებულის გულახდილი ისტორია- ტელევიზიით ,,დანგრეული” ცხოვრება
26.01.2016

ერთ–ერთი პროვინციული, არცთუ პატარა ქალაქიდან გახლავართ. ასაკით საკმაოდ პატარა, 22 წლის, თუმცა როცა ექიმმა ჩემი დიაგნოზის შესახებ მამცნო, არ  გამკვირვებია. ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად ველოდი ამის ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე... მყავს მეგობარი მამაკაცი, თუმცა მას საჯაროდ  არავის  ვაცნობ, მხოლოდ ვიწრო წრეში იციან ჩვენი ურთიერთობის შესახებ. მანამდეც მქონდა რამოდენიმე სხვა კავშირი

ჩემი დიაგნოზი შედარებით მშვიდად გადავიტანე, ხანგრძლივ  დეპრესიას არ მივცემივარ. პირიქით, გამოვცოცხლდი და ბრძოლის ხალისზე მოვედი. დავუახლოვდი  ადგილობრივ და საქართველოში არსებულ სხვადასხვა არასამთავრობო ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც აივ–ინფიცირებულთა პრობლემებზე მუშაობდნენ. დავსაქმდი კიდეც ორ ასეთ ორგანიზაციაში.  პარალელურად  გავაგრძელე  აქტიური ცხოვრება. ჩემი ხასიათის და  ჩართულობის  უნარიდან გამომდინარე, გზა თითქმის თავისუფალი მქონდა ყველა საჯარო დაწესებულებაში. თავისუფლად შევდიოდი ბევრ სკოლასა და დაწესებულებაში და ვატარებდი ამ თემასთან დაკავშირებით ტრენინგებსა და მოსმენით სამუშაოებს. დავუახლოვდი ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც და არ მიჭირდა დიდ შენობებში საგანმანათლებლო და შეჯიბრებითი ღონისძიებების  ჩატარება.... თან საკმაოდ რეალურად, აქტიურად და ნაკლები შინაგანი პრობლემებით, რადგან ჩემი ცხოვრების  რიტმიდან გამომდინარე დროც არ მქონდა,  რომ დეპრესიას  მივცემოდი...

ეს იყო მანამ,  სანამ ერთ დღეს, ერთ–ერთ  ასეთ ორგანიზაციაში სტუმრად  ჩამოსული  არ  დავთანხმდი ერთ–ერთ ტელევიზიას ღია ეთერში პირდაპირ რეპორტაჟზე, მხოლოდ იმ პირობით,  რომ ჩემი ხმა, გარეგნობა და ყველა ამოსაცნობი ნიშანი უნდა დაემალათ. ამით დამშვიდებულმა, საკმაოდ გულახდილად ვისაუბრე ღია ეთერში ამ თემასთან დაკავშირებულ საკუთარ პრობლემაზე. დავბრუნდი ჩემს ქალაქში და ორი დღის შემდეგ დაიწყო სრული ჯოჯოხეთური ცხოვრება იყო სატელეფონო ზარები ჩემს მობილურზე, ჩემს ბინაში, ჩემს გარშემო და შორიდანაც, ვისაც ხელი მიუწვდებოდა მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ: ნუთუ ეს მართალია? ნუთუ შენ აივ–ინფიცირებული ხარ? აქამდე რატომ არ ვიცოდით, რომ დაგხმარებოდით... და სხვა მსგავსი შინაარსის  სიტყვები...

ნამდვილი  შოკი მივიღე.  ოჯახში, გარშემო, მთელ  ჩემს მშობლიურ ქალაქში ყველამ გაიგო ჩემი სტატუსის შესახებ... დავკარგე  სამსახური, ბევრი ადამიანი და აღმოვჩნდი დიდ დეპრესიაში.  ეს იმიტომ,  რომ ძვირფასმა ტელევიზიამ დაარღვია პირობა და ჩემს გარეგნობაში ამოსაცნობი ბევრი ნიშნი ღიად აჩვენა პირდაპირი ეთერით.   ცოტა გონს რომ მოვეგე სასამართლოშიც ვუჩივლე, მაგრამ უშედეგოდ....ჩვენს ქვეყანაში ხომ ,,ძაღლი პატრონს ვერ სცნობს“ და იმარჯვებენ ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი“.

დღეს უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ,დავსაქმდი სხვა ორგანიზაციაში, მაგრამ ამ შემთხვევამ  ბევრი ადამიანი და ბევრი შესაძლებლობები დამაკარგვინა.