LiveZilla Live Chat Software
რატომღაც ვიფიქრეთ, რომ მომდევნო დღეს არ მოვიდოდა, თუმცა შევცდით ნათია ისევ გამოჩნდა...
14.07.2015

 

ნათია  სანამ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე მოვიდოდა, მის შესახებ უკვე გვსმენოდა. მასზე სხვა სექს მუშაკები ხშირად და წუხილით საუბრობდნენ. მისი მოყვანა სურდათ, მაგრამ გოგონა თავს იკავებდა. ,,ძალიან მორცხვი და ჩაკეტილი გოგოა, განათლებაც საშუალო საფეხურზე შეწყვიტა, თავის უფლებების შესახებ არაფერი იცის, სანამ ჩვენთან მოხვდებოდა დისკრიმინაციის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა: როგორც კლიენტისგან, ასევე სამართალდამცველებისგან, ხშირად სასტუმროს მეპატრონისგანაც და სამედიცინო პერსონალისგანაც”- ასე ახასიათებდნენ ჩვენი ბენეფიციარები ნათიას და ბუნებრივია ინტერესი გაგვიჩნდა მის მიმართ.

მეორე ჩასვლაზე ტრენინგის მეორე დღეს ნათიაც შემოგვემატა. ოთახში შემოვიდა თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო ვიზეც გოგონები ადრე გვესაუბრებოდნენ. მორცხვად იჯდა, საერთოდ არ ერეოდა დისკუსიაში. თითქოს ჩვენ მიწოდებულ ინფორმაციას არ ისმენდა. სხვებისგან განსხვავებით არ აქტიურობდა და ინტერაქტიული არ იყო. რატომღაც ვიფიქრეთ, რომ მომდევნო დღეს არ მოვიდოდა, თუმცა შევცდით ნათია ისევ გამოჩნდა.

მომდევნო ვიზიტისას პირველი სექს მუშაკი იყო ვინც შეხვედრაზე მოვიდა, ნახევარი საათით ადრეც კი. ცვლილება სახეზე იყო. მისგან  შეკითხვები იმდენი მოდიოდა ვეხუმრეთ ,,ჟურნალისტობას ხომ არ გეგმავდა”. ყველა სფეროს შეეხო, აინტერესებდა რა უნდა გაეკეთებინა თუ კლიენტი არ იყო თანახმა ,,დაცულ სექსზე”, იმ შემთხვევაში თუ დისკრიმინაციას ექიმისგან იგრძნობდა ან სამართალდამცველისგან? როგორ უნდა მოქცეულიყო თუ სამედიცინო პერსონალი კონფიდენციალობას არ დაიცავდნენ ან მომსახურებაზე უარს ეტყოდნენ. ასეთი მეტამორფოზით მისი მეგობრებიც გაოცებულები დარჩნენ.

შეხვედრის შემდეგ ნათიას ვკითხე რამ გამოიწვია მისი ჩვენდამი ინტერესი - გვითხრა რომ გვენდობა, იცის რომ კონფიდენციალობას არ დავარღვეთ მის პირად ისტორიას არ გავამჟღავნებთ და ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება ისევ მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო.

სხვა რომ არაფერი ნათია ჩვენს მიერ გადაღებულ ფილმშიც მონაწილეობს. როდესაც სექს მუშაკებს ჩვენი შეთავაზების შესახებ ვამცნეთ, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც თანხმობა გამოთქვა. ადვილი არ არის კამერებთან ილაპარაკო ამ მძიმე არჩევანის შესახებ, მაგრამ ნათიამ შეძლო. რომ ვკითხეთ რატომ დაგვთანხმდა გვითხრა რომ პატარა ნაბიჯი გადადგა საზოგადოებაში არსებული სტიგმის დასამსხვრევად.

ახლაც ხშირად გვეკონტაქტება, იურიდიულ ცხელ ხაზზე რეკავს და სხვა გოგონების  სექს-მუშაკების პრობლემებზე გვიყვება მათთვის რჩევებს გვეკითხება და როგორც თავად ამბობს მოუთმენლად ელოდება შემდეგ ტრენინგს, რადგან თვითონაც მოვიდეს და ახლებიც შემოგვამატოს.