LiveZilla Live Chat Software
კონფერენცია: „ოჯახის დაგეგმვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ქალთა უფლებების რეალიზება“
22.02.2017
2016 წლის 20 დეკემბერს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ქ.ბორჯომში, “RIXOS,,-ში ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „ოჯახის დაგეგმვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ქალთა უფლებების რეალიზება“. კონფერენციის ფარგლებში მოხდა 2015-2016 წელს განხორციელებული კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია სახელწოდებით: „აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობისა და მზაობის შეფასება„ კვლევა ჩატარდა 2015-2016 წლებში, კვლევის მიზანი იყო საქართველოში აბორტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და მზაობის შეფასება, აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოხდა საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სერვისების, მათ შორის აბორტის მომსახურების ხარისხის, ხელმისაწვდომობის და ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზაციის შეფასება. კვლევის შედეგად გამოვლინდა აბორტის სერვისის მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი ტიპის პრობლემები: სამედიცინო დაწესებულებების კეთილმოწყობის პრობლემა, პროტოკოლის მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემა, სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ხარისხის კონტროლის მექანიზმების არარსებობა, აბორტის სერვისის არასრულყოფილად მიწოდება, პაციენტთა უფლებების დარღვევა, აბორტის სერვისის ტერიტორიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა, ქალთა დაბალი ინფორმირებულობა ოჯახის დაგეგმივის სერვისებთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აბორტის სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში კეთილმოწყობისა და სანიტარული ნორმების დაცვის მხრივ არ არის ერთგვაროვანი მდგომარეობა. უკანასკნელ წლებში რეაბილიტირებულ კლინიკებში შედარებით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა. თუმცა არსებობს კლინიკები, სადაც აღინიშნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა, უხარისხო წყალი, შეფერხება ელ. ენერგიისა და წყლის მიწოდებისას, მოუწესრიგებელი კაბინეტები და სხვა. ასევე, იკვეთება მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა რიგები, სამედიცინო პერსონალის უყურადღებობა, არასაკმარისი ინფორმაციისა და არასრული მომსახურების მიწოდება, სამედიცინო პერსონალსა და კლიენტებს შორის არასრულფასოვანი კომუნიკაცია. ასე კვლევები აჩვენებს რომ ქალთა ინფორმირებულობა ოჯახის დაგეგმვის სერვისებთან დაკავშირებით ძალიან დაბალია. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა იმსჯელეს კვლევის ძირითად მიგნებებზე და შედეგებზე, რის საფუძვლადაც შეიმუშავეს სამომავლო რეკომენდაციები, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.