LiveZilla Live Chat Software
უწყებათაშორისი მე-5 შეხვედრა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დასაცავად კრიზისულ სიტუაციებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში
14.11.2016

ყველა ქვეყანას აქვს საგანგებო და საომარ მდგომარეობაში სამოქმედო გეგმა. გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა - სხვადასხვა სფეროს შესაბამისი უწყებები კურირებენ. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხშირად ხდება ბუნებრივი და ტექნოგენური, სხვადასხვა სახის კატასტროფები, ეპიდემიები, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლების კეთილდღეობას და გადარჩენის შანსს, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ქალები და ბავშვები არიან. ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი. თუმცა საინტერესოა რამდენად არის ადაპტირებული უწყების სამოქმედო გეგმაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა - კრიზისების დროს?!

2011 წლის ნოემბერს სტამბულში Global IAWG მე-13 ფორუმზე შეიქმნა (EECA IAWG) უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დასაცავად კრიზისულ სიტუაციებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. EECA IAWG FORUM არაფორმალური პლატფორმაა, რომელშიც იღებენ მონაწილეობას არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სამეცნიერო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე.

საერთაშორისო ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის ევროპის ქსელისა (IPPF) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით განხორციელდა რიგით მე-5 EECA IAWG ფორუმი, რომლის წევრი ორგანიზაციაა ასოციაცია “ჰერაXXI”. 18-20 ოქტომბერს კიევში შეიკრიბა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმსჯელა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე კრიზისულ სიტუაციებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდა ასოციაცია „ჰერა XXI“-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო წულეისკირი - ,,ყველა ქალს, ახალგაზრდა გოგონას აქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლება, განსაკუთრებით საგანგებო და კრიზისულ მდგომარეობაში. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ეპიდემიების და სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს მატულობს ძალადობის ფაქტები, აგრესიულობის ფონი იზრდება და ხშირია სექსუალური ძალადობის შემთხვევები. სამწუხაროდ ამ პროცესების პირველი მსხვერპლები ქალბატონები, ხშირად კი არასრულწლოვანი გოგონები არიან. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გავითვალისწინოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკები, მოვახდინოთ მათი ადაპტაცია ქართულ რეალობასთან. საგანგებო სიტუაციებში, სამწუხაროდ, ხშირია: სქესობრივი ძალადობა, თვითნებური აბორტები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება- ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში საჭიროა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რეპროდუქციულ სერვისების მინიმალური პირველადი მომსახურების პაკეტი და მოხდეს ამ გეგმის ინტეგრირება კრიზისების დროს მოქმედების საერთო გეგმაში - აცხადებს ასოციაციის ჰერა XXI-ეს აღმასრულებელი დირექტორი ნინო წულეისკირი.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე 2017 წლისთვის, სადაც გაწერილია რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კრიზისულ სიტუაციებში ეფექტური, თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედება სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დასაცავად.