LiveZilla Live Chat Software
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ასოცაცია ”ჰერა XXI-მ” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა და კვლევის პრეზენტაცია გამართა
16.11.2016

10 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ასოცაცია ”ჰერა XXI-მ” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა და კვლევის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასოციაციის თანასწორ-განმანათლებლები თამარ გოგოლაური და თამარ ზაზაძე, რომლებმაც კვლევის პრეზენტაცია გააკეთეს; შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის სტაჟიორმა, ჰედვიგ ბერნტელმა, ”შვედეთის სექსუალური განათლების ასოციაციიდან” (RFSU), რომელმაც სრჯუ საკითხებზე მომუშავე შვედეთის სამოქალაქო საზოგადოების ბოლოდროინდელ აქტივობებზე ისაუბრა.

შეხვედრას 20-მდე სტუდენტი და დაინტერესებული პირი დაესწრო. დასაწყისში მოკლე განმარტებები გაკეთდა იმაზე, რას ნიშნავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით. შემდეგ ჩატარდა მცირე სავარჯიშო და დისკუსია.

”ჰერა XXI-ის” თანასწორ-განმანათლებლებმა, თამარ ზაზაძემ და თამარ გოგოლაურმა, რომლებიც ზაფხულში კვლევის პროცესში მონაწილეობდნენ, სტუდენტებს კვლევის პირველადი შედეგები წარუდგინეს. აღნიშნული კვლევა დასრულებული სახით უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. გამოკითხვა საქართველოს 12-ვე რეგიონში ჩატარდა და მისი მიზანი იყო ზოგადი სურათის შექმნა იმაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობენ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ასევე, კვლევა ეხებოდა ამ თემებთან დაკავშირებულ კულტურულ ნორმებსა და სტერეოტიპებსაც.

შეხვედრის ბოლოს, ”ჰერა XXI-ის” სტაჟიორმა, ჰედვიგ ბერნტელმა, სტუდენტებს გააცნო, სრჯუ-სთან დაკავშირებით რა საკითხებია აქტუალური ამჟამად შვედეთში და როგორ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოება ამ კუთხით.

 

სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა ახალგაზრდები მეტ ინფორმაციას ფლობდნენ სრჯუ საკითხებზე და სურვილი გამოთქვეს, დაესწრონ საინფორმაციო სესიებს, სადაც თითოეული საკითხი დეტალურად იქნება განხილული.