ქალბატონო თამარ მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ 

მე ვარ თამარ ლეთოდიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი და ქალთა ოთახების რეგიონალური კოორდინატორი.

ასოციაცია “ჰერა XXI”-ს მიერ ჩატარებული სემინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობით, პირდაპირ კონტაქტში არიან ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, არსებობს საკმაოდ ბევრი პრობლემა. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება ავიმაღლოთ ცნობიერება სექსუალური და რეპროდუქციული საკითხებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპებისა შესახებ. გარდა ამისა, მე პირადად, უკეთ დავინახე ის საჭიროებები, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ.

 

რა არის ქალთა ოთახებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოების როლი  და როგორ ხედავთ ადგილობრივ დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მხარდასაჭერად?

ქალთა ოთახები და გენდერული თანასწორობის საბჭოები მუშაობენ როგორც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ასევე მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებზე. ამ სტრუქტურების უმნიშვნელოვანესი როლია ქალებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა და მათი ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის აუცილებელი და საჭიროა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ღონისძიებები.ამისთვის საჭიროა, რომ შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დაგეგვმაში გათვალისწინებული იყოს მსგავსი აქტივობებისთვის საჭირო თანხები. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირება.