“ჰერა XXI”-ს საგანმანათლებლო შეხვედრა ახალგაზრდებთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

3 დეკემბერს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდულმა ჯგუფმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპული ახალგაზრდული ცენტრის მოწვევით ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. შეხვედრა შედგა მეხუთე მოწვევის ახალგაზრდული ევროპარლამენტის მოდელირების ფარგლებში სესიის მონაწილე მოსწავლეებთან და სტუდენტებთან.

შეხვედრა დისკუსიისა და მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. ახალგაზრდები საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით მსჯელობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ჩვენს საზოგადოებაში. ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა აუდიტორიას გააცნეს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების არსი, მიმოიხილეს საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტები, ორგანიზაციის საქმიანობა, ჩვენი სერვისები და პროექტები.
მადლობას ვუხდით ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესდნენ „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული პროექტებით და მათ, ვინც შეუერთდა ჩვენს მოხალისეთა გუნდს. ასოციაცია ღიაა ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ღირებულებებს და დაინტერესებულია და/ან სურს მეტი გაიგოს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე.