ცოცხალი ისტორია ოჯახში ძალადობაზე:

თექვსმეტი წლის დავქორწინდი. მიუხედავად ჩემი ოჯახის წინააღმდეგობისა ცოლად გავყევი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მას არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. მე სიყვარულის გამო ეს ფაქტი დაბრკოლებად არ მივიჩნიე.

 

დროთა განმავლობაში ჩემი ქმრის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც სულაც არ შეცვალა უკეთესობისკენ ჩვენი ცხოვრება. პირიქით, ის უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა ჩემ მიმართ. ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონია ადგილი. მე ვმუშაობდი, ფული კი მისთვის მიმქონდა. ქსოვა მიყვარს. ხშირად, თუ ცუდ განყწობაზე იყო, ყველაფერს ხელს დაავლებდა და ღუმელში მიყრიდა. ღამით ცულთან ერთად იძინებდა რატომღაც …

საყვარლები ჰყავდა და ამას არც მალავდა. მეტიც, მათთან ურთიერთობის ჩანაწერებსაც მაჩვენებდა ხოლმე. მხარდაჭერას ვერავისგან ვგრძნობდი, რადგან დანარჩენ ოჯახის წევრებზეც ძალადობდა და ყველა ერთ დღეში ვიყავით. ოჯახის გარეთ ვინმესთვის ჩემი ტკივილის გაზიარებას კი დიდი ხნის მანძილზე ვერ ვბედავდი. ჩემი ქმარი სარგებლობდა იმით რომ მის გამო ჩემმა ოჯახმა უარმყო. ხშირად მეუბნებოდა, რომ არსად მქონდა წასასვლელი და ბოლოს მაინც მასთან ცხოვრება მომიწევდა. ვერც ჩემმა ფეხმძიმობამ შეცვალა მდგომარეობა, მგონი, უფრო პირიქით.

 

„გაქცევა“:

სამი თვის ორსული ვიყავი. ყოველდღიურად ძალადობისა და საფრთხის ქვეშ ვიძინებდი. იმ დროისთვის დამლაგებლად ვმუშაობდი ერთგან. დაგვიანების გამო სამსახურშიც მომივარდა და საშინელებები იკადრა. მკაცრი საყვედური მივიღე, გამაფრთხილეს ასე აღარ განმეორდეს თორემ გაგათავისუფლებთო. განა მე მინდოდა ასე მომხდარიყო? ამის გამო გადავწყვიტე საბოლოოდ დამესრულებინა ურთიერთობა. ამ დროს ჯიბეში ერთი ლარიც არ მედო. ცოტა ხნით თანამშრომლებმა შემიფარეს. ორი კვირის მერე ბინა ვიქირავე. მალევე, ჩემი ძმაც შემირიგდა და თავის სახლში წამიყვანა.

 

ცხოვრება ძალადობის შემდეგ:

ახლა ცხრა წლის ვაჟი მყავს, ვმუშაობ და ვცდილობ განვლილი ტანჯვა დავივიწო.

 

რას ურჩევდით სხვებს:

ყველას ვურჩევ, როგორც კი იგრძნობენ რომ ძალადობას აქვს ადგილი, რაც შეიძლება მალე დააღწიონ თავი. ვნანობ, რომ ამდენ ხანს გავჩერდი. ვისურვებდი, მსგავს სიტუაციაში არცერთი ქალი არ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა დანებდნენ, უნდა იბრძოლონ საკუთარი მომავლისთვის!

 

27 წლის რესპონდენტი თელავიდან.