„ჰერა XXI“-ის საგანმანათლებლო შეხვედრა „გოგონათა კლუბთან“

გასულ კვირას, მედიაციის სახლის მიწვევით, „ჰერა XXI“-მა ჩაატარა შეხვედრა „გოგონათა კლუბის“ წევრ მოზარდებთან. შეხვედრის მიზანი იყო 14-18 წლის ასაკის გოგონების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთლობის საკითხებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც დაეხმარება მათ ჯანსაღ აზროვნებაში და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

შეხვედრაზე გოგონები გაეცნენ „ჰერა XXI“-ის საქმიანობასა და სერვისებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდულ-მეგობრულ სერვისებსა და რეპროდუქტოლოგის უფასო კონსულტაციაზე. ჩვენი რეპროდუქტოლოგი გოგონებს ესაუბრა მათი ასაკისთვის დამახასიათებელი სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, თუმცა, გოგონებს საშუალება მიეცათ წერილობით, ანონიმურადაც დაესვათ კითხვები რეპროდუქტოლოგისთვის და მიეღოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელთა ღიად გაჟღერება, შესაძლოა, არ სურდათ. 

გასართობი აქტივობებისა და თამაშების დამხარებით შეხვედრამ ძალიან მხიარულად და, რაც მთავარია, ნაყოფიერად ჩაიარა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში ”გოგონათა კლუბი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს და აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია ”ჰერა XXI”-თან.