შეხვედრა „გოგონათა კლუბის“ წევრებთან

8 თებერვალს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა მორიგი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილ „გოგონათა კლუბის“ წევრებთან. 14-18 წლის მოზარდებისთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ორგანიზაციის რეპროდუქტოლოგის, ისე ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერის მოსმენა.

შეხვედრაზე გოგონებს მივაწოდეთ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, გარდატეხის ასაკში მიმდინარე ფიზიოლოგიურ თუფსიქოლოგიურ პროცესებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ადრეული ქორწინებისა და ორსულობის საფრთხეებზე და ა.შ. – ყველა იმ პრობლემაზე, რაც მათ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

გარდა ამისა, ისინი გაეცნენ ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის მუშაობასა და ახალგაზრდულ აქტივობებს. რამდენიმე მათგანმა გამოთქვა სურვილი შემოუერთდეს ჩვენს მოხალისეთა გუნდს და აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის საქმიანობაში.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში ”გოგონათა კლუბი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს და აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია ”ჰერა XXI”-თან.