რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ტესტებთან დაკავშირებით ?!

რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ტესტების შესახებ?!

ორსულობის ადრეულ ნიშნებზე, ორსულობის ტესტებსა და მათი გამოყენების წესებზე ჩვენს კითხვებს პასუხობს ზურაბ საბახტარაშვილის რეპორდუქციული კლინიკის სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი.

ქ-ნო მაკა, რა პირველადი ნიშნები ხასიათებ ორსულობას? რა შემთხვევაში ჩნდება ეჭვი ორსულობაზე?

ორსულობის ერთ-ერთი პირველი და მნიშნელოვანი ნიშანი იმ ქალებში, ვისაც რეგულარული მენსტრუალური ციკლი აქვთ, არის მენსტრუაციის შეწყვეტა. არ მოვიდა მენსტრუაცია ჩვეულ დროს? – ვისაც ორსულობა უნდა სიხარულისგან ცას ეწევა, ვისაც არ უნდა და ისე არ დაიცვა თავი, როგორც საჭიროა – შიშისგან აღარ არის. ეს არის ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. გარდა ამისა, ორსულობის ადრეულ ნიშნებად ითვლება გულისრევა, ძილიანობა, სისუსტე, დაბალი წნევა, მკერდის გამკვრივება, გახშირებული შარდვა.

რა სახის ორსულობის ტესტებია ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე? როგორია მათი მუშაობის მექანიზმი?

ორსულობის ტესტი, რომლითაც ძრითადად სარგებლობენ ქალები საქართველოში არის თვისობრივი ტესტი. იგი ლაკმუსის პრინციპის მიხედვით, ან გაწითლდება ან არა, მეორე ხაზი ან გამოჩნდება, ან არა. იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით არის ქორიონალური გონოდოტროპინი სისხლში. ეს არის ჰორმონი, რომელიც ორსულობის დროს ჩნდება. ეს ჰორმონი ძალიან სწრაფად მატებადია. ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება ან სამმაგდება. თვისობრივი ტესტი საკმაოდ ადრეულ ვადაზე აჩვენებს ორსულობას, შეიძლება მენსტრუაციული ციკლის გადაცდენამდეც კი.

ქორიონალურ გონოდოტროპინს აქვს ორი სუბერთეული – ალფა და ბეტა. ადრე, დაახლოებით 15-20 წლის წინ, ტესტები დამყარებული იყო ამ სუბერთეულების ჯამურ მაჩვენებლზე და ხშირი იყო ცდომილება. იმიტომ, რომ ალფა სუბერთეული სხვა ჰორმონების მსგავსია და თუ ადამიანს რომელიმე ასეთი ჰორმონი მომატებული ჰქონდა, ტესტს შეიძლება ეჩვენებინა არასწორი შედეგი. ის ტესტების აბსოლუტური უმრავლსობა კი, რომლებიც ახლა არის გაყიდვაში, ბეტა სუბერთეულზეა დამყარებული და ძალიან იშვიათად ცდება.

აქვს თუ არა რაიმე წინაპირობა ამ ტესტების მოხმარებას?

სასურველია ორსულობის ტესტი გაიკეთო დილის შარდზე. იმიტომ რომ ეს არის 24 საათიანი შარდის ნაგროვი ვერსია და შესაბამისად, უფრო ინფორმატიული.

რა შემთხვევაშია საჭირო ორსულობის დადასტურება უკვე კლინიკაში, ექიმის მიერ?

თუ არის ისეთი სიტუაცია როცა ეჭვებში ხარ, როცა ტესტი მკრთალ ხაზს აჩვენებს, როცა ეჭვი გეპარება რომ ორსულობა იქ არის სადაც უნდა იყოს – შეიძლება საშვილოსნოს გარე ორსულობასთან გვქონდეს საქმე. როცა გაინტერესებს შეწყდა თუ არა ორსულობა, ვითარდება თუ არა და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს იგივე ჰორმონის რაოდენიბას სისხლში. მას იკეთებენ ორი-სამი დღის ინტერვალით, რომ ნახონ ჰორმონის ზრდადობის მაჩვენებლი სისხლში. ეს პროცესები უკვე კლინიკურად ხდება, ექიმის დახმარებით.

სტატიის ავტორი: თამთა კახაბერიძე

საინფორმაციო ხასიათის სტატიები მომზადებულია ასოციაცია ჰერა-XXI მიერ