ორსულობა და სექსი

ორსულობა და სექსი 

„სექსი ისეთი რამეა, რაშიც ყველაზე რთულია რაიმე ნორმატივის დადგენა. ბუნებრივია მასზე ძალიან ბევრნაირი მითი არსებობს.“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპორდუქციული კლინიკის სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა გეგეჭკორი, რომლესაც კითხვები ორსულობის პერიოდში სექსის შესახებ დავუსვით.

ქ-ნო მაკა, სანამ თქვენთან ინტერვიუს ჩასაწერად მოვიდოდი, მცირე გამოკითხვა ჩავატარე ამ თემაზე რეპროდუქცული ასაკის ქალებში და მოვისმინე ბევრი განსხვავებული, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება. გავრცელებულია მოსაზრება რომ ქალმა თავი უნდა შეიკავოს სექსისგან ორსულობის პირველ თვეებში, სხვა მოსაზრების მიხედვით პირიქით, ბოლო თვეებშია არასასურველი სექსი. ამბობენ იმასაც რომ სექსმა შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. არსებობს შიში, რომ შეიძლება მუცლადმყოფ ნაყოფს დაუშავდეს რამე და სხვ. რომელია ამათგან მითი და რომელი რეალობა?

მარტივად, შეიძლება თუ არა სექსი ორსულობის დროს?

ბევრ ადამიანს გონია, რომ ორსულობის დროს სექსი არ შეიძლება. ამის თქმა ასე ცალსახად არ არის სწორი. მეტიც, თუ ადამიანს ეს უნდა და რაღაცა მითმა აუკრძალა, უფრო ცუდად იმოქმედებს მასზე. თუ ქალს არ აღენიშნება სამედიცინო ნიშნები, რომლებიც დიაგნოსტირებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სექსი ორსულობის დროს არის აბოსოლუტურად დასაშვები.

რა ნიშნებზეა საუბარი? რა შემთხვევაში უნდა შეიკავოს ქალმა თავი სექსისგან ორსულობის დროს?

არის სიტუაციები, როდესაც სექსი არ არის სასურველი ორსულობის დროს. ეს სიტუაცია არის მაგალითად უცნობი გენეზის, ანუ უცნობი ტიპის სისხლიანი გამონადენი, რომელიც ორსულობის დროს არ უნდა იყოს. სანამ არ დადგინდება ამის მიზეზი, ორსულობისგან თავი უნდა შეიკავოთ. მეორე სიტუაციაა, როდესაც ექოსკოპიურად დადგენილია რომ პლაცენტა, ე.წ. მომყოლი ნაყოფის წინ მდებარეობს. ასეთ დროსაც სისხლდენის ალბათობაა. სექსი არ არის სასურველი ნაადრევი მშობიარობის ნიშნების დროს. მაშინ, თუ საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია და ნებისმიერმა ჩარევამ, შეკუმშვამ, შეიძლება რაღაცა პროცესები გამოიწვიოს. ტკივილიც შეიძლება საშვილოსნოს ტონუსში მოსვლის მაჩვენებლი იყოს. ასე რომ, სექსი ორსულობის დროს დაუშვებულია, მხოლოდ რამდენიე სამედიცინო თვალსაზრისით შეფასებულ სიტუაციაში. ისე კი არა პაციენტს რომ ჰგონია რომ საშიშროებაა?! არა. ექიმმა უნდა შეაფასოს სიტუაცია და იმის მიხედვით მისცეს რეკომენდაცია. თუ ეს ნიშნები არ არის, სექსს არ უნდა უფრთხოდეს ადამიანი.

მნიშვნელობა აქვს თუ არა სექსუალურ აქტივობას, სექსის სიხშირეს ორსულობის დროს?

რა თქმა უნდა, სიხშირეს გააჩნია. ურთიერთობის დასაწყისში ან ე.წ. „თაფლობის თვის“ პერიოდში სექსი განსაკუთრებით აქტიურია ხოლმე. ასეთი ტიპის აქტივობა შეიძლება არ იყოს სასურველი ორსულობს დროს. გარდა ამისა, როდესაც უკვე არსებობს ფიზიკურად დიდი მუცელი, ისეთი პოზიციების შერჩევაა სასურველი, რომ არ იყოს ზეწოლა მასზე და ზიანი არ მიადგეს. ანუ, ისე უნდა მიუდგე რომ ნაკლებად შეეხოს მუცელს. ასეთი პოზაა მაგალითად spoon (ინგ. კოვზი), ანუ ორი ორგანიზმის ისეთი ზედდება, რომ მუცელი იყოს თავისუფალი.

აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, მერამდენე ორსულობაა? გავრცელებული მოსაზრებით, ქალები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან სექსს პირველი ორსულობის დროს, ისევე, როგორც ალბათ სხვა ყველაფერს …

 არა, ორსულობის ჯერადობას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ, მნიშვნელობა აქვს ტყუპით ორსულობას. ამ შემთხვევაშიც, ცალკე რისკად კი არ განიხილება სექსი, უბრალოდ ტყუპით ორსულობის დროს ისედაც ხშირია ნაადრევი მშობიარობები. ასევე, რადგან ნაყოფია ორია და მეტი. ამიტომ, ის გართულებები, რის გამოც ორსულობის დროს სექსი არ არის რეკომენდებული ამ შემთხვევაში უფრო აქტუალურია.

როგორ ფიქრობთ, რა საფუძელი აქვს ამ მითებს?

 არანაირი სამედიცინო საფუძელი ამ მოსაზრებებს არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სექსი აბსოლუტურად უსაფრთხოა ფიზიოლოგიური ორსულობის დროს, გარდა იმ რამდენიმე სიტუაციისა, როდესაც თავი უნდა შეიკავო და რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ეს არის მეიოს კლინიკის რეკომენდაცია, სადაც წლების მანძილზე ორსულების დიდ რაოდენობაზე დაკვირვებით და კვლევებით მივიდნენ ამ დასკვმადე.

შეიძლება თუ არა გავრცელებული არასწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები დავაბრალოთ საზოგადოების არაინფორმირებულობას ამ საკითხებზე?

სექსი, გარდა იმისა, რომ არის გამრავლების პროცესი, არის ასევე ძალიან სერიოზული რამ, რაზეც დამოკიდებულია ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, გუნება-განწყობა, ცხოვრების ხარიხსი. ანუ, ეს არის სფერო, რომელიც უნდა იყოს მოგვარბული და რომელზეც თავისუფლად უნდა შეგვეძლოს საუბარი. მის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მასთან დამოკიდებულება, ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს ასაკის შესატყვისი დონის.

სტატიის ავტორი:თამთა კახაბერიძე

საინფორმაციო ხასიათის სტატიები მომზადებულია ასოციაცია ჰერა-XXI მიერ